17-19 ოქტომბერს ბორჯომში სპორტულ-კულტურული პროექტი „აფხაზეთის დღეები"გაიმართა.
პროექტის ფარგლებში გაიმართა სპორტული შეჯიბრებები, ჩატარდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტის ხელმძღვანელის თეიმურაზ გვანცელაძის საგანმანათლებლო ლექცია ქართულ-აფხაზური კულტურული ურთიერთობების შესახებ. წარმოდგენილი იქნა გალის საგანმანათლებლო ისტორიის ამსახველი დოკუმენტური ფილმი; ჩატარდა ესეების კონკურსი სახელწოდებით: „ზღვა, რომელიც შორია".
19 ოქტომბერს, ბორჯომის კულტურის ცენტრში გაიხსნა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნა გალის სკოლების ისტორიის ამსახველი თემატური ბანერები, გალელი მოსწავლეებისა და აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრები და თანამედროვე აფხაზეთის ამსახველი ფოტო-მასალები. ბორჯომელმა მაყურებელმა იხილა სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრ „თეთრი ტალღის" სპექტაკლი „გამარჯობა სოხუმო".
ღონისძიებას დაესწრნენ და საზოგდოებას მიმართეს ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტმა მეუფე სერაფიმემ, ავფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდმარე გია გვაზავამ, ბორჯომის გამგებლის მოადგილე ანზორ სვანიძემ.
აფხაზეთის დღეები ბორჯომის გამგეობის, ბორჯომის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ტერიტორიული ორგანო - გალის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა. პროექტში ჩართულნი იყვნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის წარმომადგენლები.