ვახტანგ ყოლბაია „კოსტაობის“ სახალხო დღესასწაულს დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ლაგოდეხის რაიონის სოფელ არეშფერანში გამოჩენილი ოსი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის კოსტა ხეთაგუროვის 155 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაულ - „კოსტაობას" დაესწრო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი, ქართველი და ოსი საზოგადოების წარმომადგენლები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, მწერლები, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, სტუმრები ვლადიკავკაზიდან, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ლაგოდეხისა და ყვარლის რაიონის ქართული, ოსური და აზერბაიჯანული სკოლების მოსწავლეები და სხვა საპატიო სტუმრები.

„კოსტაობაზე" გაიმართა საზეიმო კონცერტი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის მონაწილეობით. ივანე მაჩაბლის სახელობის ცხინვალის თეატრმა წარმოდგენა მოაწყო. გაიმართა აგრეთვე ჭიდაობა და დოღი. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართული და ოსური ნაციონალური კერძები, რომლებიც სტუმრებმა დააგემოვნეს.

კოსტა ხეთაგუროვის 155 წლის იუბილე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაცია „კავკასიური მოზაიკის" ინიციატივით გაიმართა.