სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხორციელი ძმა, ბერი გიორგი გარდაიცვალა

30 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნატარესის ილია II ხორციელი ძმა, ბერი გიორგი (შიოლაშვილი) გარდაიცვალა.

ერისკაცობაში ვიქტორ შიოლაშვილი 1929 წელს ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში დაიბადა. იგი გიორგი შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის მრავალშვილიანი ოჯახში მეექვსე შვილი იყო და, როგორც მის დიდ ოჯახს შეეფერებოდა, იწრთობოდა სულიერად, გამოირჩეოდა უდიდესი თავმდაბლობით და სიცოცხლის ბოლომდე მუდივად იჩენდა მზაობას სიკეთის საკეთებლად.

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ბერად აღიკვეცა, განამწესეს მცხეთის წმ.გიორგის სახელობის მონასტერში და მან სიცოცხლის უკანასკნელი წლები მცხეთაში გაატარა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნატარესს ილია II ხორციელი ძმის, ბერი გიორგის გარდაცვალების გამო.