ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ აფხაზეთის მთავრობას სარგებლობის უფლებით გადმოსცა სიმინდის მორიგი მოსავალი მოვიდა. მოსავლის აღებაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარემ კონსტანტინე კუჭუხიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარიამ, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით გვაძაბიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ოთარ გოგოხიამ, ასევე აფხაზეთის მთავრობის აპარატისა და მთავრობის უწყებების თანამშრომლებმა.
თხუთმეტი ჰექტარი მიწის ფართობიდან მიღებული 15 ტონა მოსავალი დევნილ ოჯახებს დაურიგდებათ. პროექტი აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით 2 წელია ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც დასაქმებულია რამდენიმე ათეული დევნილი ოჯახი.
დღესვე აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა სოფელ რუხში არსებული სასათბურე მეუნეობაც მოინახულეს, რომელიც იაპონიის საელჩოს დაფინანსებით ხორციელდება.