27 სექტემბერს 90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 21 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით ამ დღეს მრავალი ღონისძიებაა დაგეგმილი.
დილის 10.00 საათზე წმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღევლინება წირვა-ლოცვა და აფხაზეთში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდება.
13:00 საათზე - წმინდა სამების საკათედრო ტაძრიდან დაიწყება მსვლელობა გმირთა მოედნისკენ, სადაც „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის" ხატს დააბრძანებენ. ეს ხატი გასულ წელს აფხაზეთში 20 წლის წინ განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და შერიგების მლოცველთათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწერა.
15:00 საათზე - გმირთა მოედანზე აფხაზეთში დაღუპულ გმირთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდება. გმირთა მემორიალს ყვავილებითა და გვირგვინით შეამკობენ საქართველოს მთავორბის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, იძულებით გადაადგილებული პირები, სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტები და სხვა საპატიო სტუმრები.
15:30 საათზე - ხატს „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" თბილისიდან ქუთაისში წააბრძანებენ.
16:00 საათზე - ბესარიონ ჟღენტის ქუჩაზე (ნუცუბიძის II მ/რ.) მდებარე სკვერში სკულპტურულ მემორიალთან - „საქართველოსთვის" მოეწყობა ომამდელი აფხაზეთის ამსახველი ფოტოგამოფენა და აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევართა ექსპოზიცია თემაზე - „ჩემი ზღვა და ჩემი ქალაქი". აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და დევნილი საზოგადოება მონუმენტს ყვავილებით შეამკობენ, რის შემდეგაც სოხუმის მოზარდმაყურებელთა თეატრი „თეთრი ტალღა" მოაწყობს ფელშმობს - „გამარჯობა სოხუმო" (ნოდარ დუმბაძის და გურამ ოდიშარიას ნაწარმოებების მიხედვით).
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდება.