აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები სოზარ სუბარს შეხვდნენ

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბარს შეხვდნენ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა დევნილთა განსახლებისა და დასაქმების საკითხებზე იმჯელეს. მინისტრმა საბჭოს დეპუტატებს დევნილთა პრობლემების გადაწყვეტის საკუთარი ხედვა გააცნო.  თავის მხრივ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მინისტრს ინიციატივები და წინადადებები შესთავაზეს.

დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, სამინისტრო ღია და გამჭვირვალე უწყებაა და მზად არის ყოველდღიურ რეჟიმში ითანამშრომლოს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ამ თანამშრომლობას პოზიტიური შედეგი ექნება.