აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის, თურქეთის თანამშრომლობისა დაკოორდინაციის სააგენტოს წარმომადგენელი მუსტაფა ქორმაზი მიიღო. შეხვედრა სამუშაო ხასიათს ატარებდა.
ვახტანგ ყოლბაიამ თურქული მხარის წარმოამდგენელს მიმდინარე პროექტები გააცნო, რომელიც აფხაზეთის ა/რ მთავრობის სტრუქტურებში დევნილთა საინიციატივო ჯგუფებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერაა შემოტანილი. ასევე, საუბარი შეეხო სასოფლო-სამეურნეო დარგისა და სასაზღვრო ზოლთან მიმდინარე პროექტებს, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერაცაა მოწონებული.
თურქული მხარის მიერ მზადყოფნა გამოითქვა მონაწილეობა მიიღოს იმ პროექტების დაფინანსებაში, რომელთა ბენეფიციარები აფხაზეთიდან დევნილები იქნებიან. მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. უახლოეს მომავალში კი საზოგადოებისათვის ცნობილი გახდება თუ რა კონკრეტულ სოციალურ და ეკონომიკურ პროექტებზე იმუშავებენ ერთობლივად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო.
თურქულ მხარესთან სამომავლო თანამშრომლობის დეტალებზე ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ. მისი თქმით, ის თითქმის დარწმუნებულია, რომ უახლოეს პერიოდში თურქები აფხაზეთის მთავრობის პროექტებს დააფინანსებენ.
„არის ასეთი ორგანიზაცია „ტიქა", რომელიც საქართველოში დიდი ხანია მუშაობს, ეს არის თურქეთის კოოპერაციის და კოორდინაციის სააგენტო. მათთან დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს. სააგენტოს წარმომადგენელს ბატონ მუსტაფა ქორმაზს გავაცანი ჩვენს ხელთ არსებული პროექტები, რომელიც მიმართულია დევნილთა დასაქმებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისკენ. ეს ეხება ქუთაისს ზუგდიდს, წალენჯიხასა და თბილისს. რამდენიმე პროექტზე თანხმობა მივიღეთ. თუმცა ამ პროექტების ცენტრალურ ოფისთან შეთანხმებას, გარკვეული დრო ალბათ დასჭირდება. მიხარია, რომ ჩვენმა პროექტებმა ქუთაისში და ვაზისუბანში დააინტერესა ბატონი მუსტაფა ქორმაზი. ამ თემების გარშემო საკმაოდ ნაყოფიერი და საგნობრივი საუბარი გვქონდა. მიჭირს ზუსტი დროის დასახელება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში ამ სააგენტოსგან დამაიმედებელ პასუხს მივიღებთ.", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.