ბათუმში გამართული საერთაშორისო პროექტის ,,ფეხბურთის ღია სახალისო სკოლები" დასკვნითი ღონისძიების შემდეგ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესმრულებელი ვახტანგ ყოლბაია ბათუმში არსებულ დევნილთა საზოგადოება „ერთობა თანადგომისთვის" წევრებს შეხვდა.
ვახტანგ ყოლბაიამ დევნილებისგან არსებული პრობლემები და მოთხოვნები მოისმინა. დევნილთა ძირითადი მოთხოვნები განათლებისა და ჯანდაცვის საკითხებს ეხებოდა. აფხაზეთის მთავრობის მეთაურს მათ ქრონიკული დაავადებების მკურნალობის პროგრამის ჩატარება და ეკონომიკური პროგრამების მხარდაჭერა სთხოვეს, რაც დევნილთა აზრით, საწარმოებისა და ჩქარი კვების ობიექტების გახსნის ხელშეწყობაში გამოიხატება. დევნილებმა ასევე მოითხოვეს წარმატებულ სტუდენტთა ხელშეწყობა.
თავის მხრივ, ვახტანგ ყოლბაიამ დევნილებს აღუთქვა, რომ უახლოეს პერიოდში მათთან ჩავა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპეციალური წარმომადგენლობა, რომელიც ადგილზე შეისწავლის წარმატებულ სტუდენტთა დახმარების შესაძლებლობას, ორ წარმატებულ სტუდენტს კი 500 ლარით დახმარებას შეპირდა.
ყოლბაიამ დევნილებს კიდევ ერთი სიახლე ამცნო, მისი თქმით, სექტემბრის ბოლოს, აფხაზეთის მთავრობა, აჭარაში მცხოვრებ დევნილთა ორდღიანი სამედიცინო გამოკვლევებს ჩაატარებს - აქციის პირველი დღე ქობულეთსა და მის შემოგარენში გაიმართება, ხოლო მეორე დღე ბათუმსა და მის შემოგარენში. ყოლბაიამ დევნილებს აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოკვლევების შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა და იქვე აღუთქვა, რომ აფხაზეთის მთავრობა ორ წარმატებულ ახალგაზრდას გაგზავნის სლოვაკეთში, ნიჭიერ ახალგაზრდებს კი კონცერტებსა და სხვა პროგრამებში ჩართავს.
„ბუნებრივია, მხოლოდ სპორტულ ღონისძიებას ვერ დავჯერდებოდით და დავგეგმეთ შეხვედრა დევნილთა საკოორდინაციო საბჭოსთან ბათუმში. ეს ადამიანები დღეს ფაქტობრივად ყოველგვარი თავშესაფრის გარეშე აგრძელებენ ცხოვრებას. მას შემდეგ რაც მოხდა მათი გამოსახლება, კიდევ უფრო მძიმე საცხოვრებელი პირობები შეექმნათ. ეს ის ადამიანები გახლავთ, რომლებიც სინამდვილეში ქუჩაში აღმოჩნდნენ, თუმცა ეგრეთწოდებულ კომპენსირებულთა ჯგუფს მიეკუთვნებიან. იმდენად მცირე თანხებია გაცემული, რომ პრაქტიკულად ამით ბინის შეძენა შეუძლებელია. ჩვენი დევნილები იძულებულნი არიან ბინები იქირაონ. თუ როგორი ბინების დაქირავების საშუალება აქვს ჩვენს დევნილებს,უაღრესად მწირი შემოსავლების პირობებში, ყველამ წარმოიდგინოს. ჩვენი მთავრობისაგან დამაიმედებელი პასუხია დევნილებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების თაობაზე. ეს იმედს მაძლევს. მადლობის მეტი რა გვეთქმის,თუ ეს პროცესი ჩვენი დევნილების გაუსაძლისი პირობების გაუმჯობესებით დასრულდება. შევეხეთ განათლების, ჯანდაცვის პრობლემებს, მე მათ აღვუთქვი, რომ სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში, აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო აჭარაში ორდღიან პროფილაქტიკურ გამოკვლევებს ჩაატარებს. დღესვე ვესაუბრე ჩვენი კულტურის მინისტრს დიმა ჯაიანს და დევნილთა მიერ წამოყენებული მოთხოვნების შესასწავლად და შეძლებისდაგვარად დახმარების გაწევისთვის აქ აუცილებლად ჩამოვლენ მისი მოადგილეები", - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესმრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ.