აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ დევნილ ოჯახებს მარიამობის დღესასწაული მიულოცა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ დევნილ ოჯახებს  მარიამობის დღესასწაული მიულოცა და ტრადიციულად ომში დაღუპულ მეომართა დედებისათვის აფხაზეთის მთავრობაში მიღება გამართა.

მთავრობის თავმჯდომარე ყველას ინდივიდუალურად გაესაუბრა, მათი პრობლემები მოისმინა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონალური მართვის საკითხებში მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, მინისტრის მოადგილე მანანა ანუა, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია დაესწრნენ.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ეთნიკურად აფხაზ ოჯახებს, კომპაქტურ ჩასახლებაში „კატასტროფის ცენტრ''-ში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ, მათ შორის, სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან და ომის ვეტერანთა ოჯახებს  სხვადასხვა სახის ჰუმანიტარული დახმარება კვებისა და საყოფაცხოვრებო პროდუქტების სახით გადაეცათ.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონალური მართვის საკითხებში მინისტრის აპარატის, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა დეპარტამენტის ორგანიზებითა და კომპანიების „მეგაკო", „ჯისი", „ბარამბო", „ბორჯომი", „მარნისკარი" მხარდაჭერით მოეწყო.