აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ზუგდიდსა და დარჩელში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში უფასო სამედიცინო დიაგნოსტიკური გამოკვლევები მიმდინარეობს.
დევნილთა გამოკვლევებში მონაწილეობას იღებენ აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკისა (რესპუბლიკური საავადმყოფო) და აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის წამყვანი სპეციალისტები.
12 აპრილს აფხაზეთიდან დევნილებს ადგილზე, უფასოდ ჩაუტარდათ სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიული და ინსტრუმენტული (ექოსკოპია, ართროექოსკოპია, ელექტროკარდიოგრაფია, ენცეფალოგრამა) გამოკვლევები და დაურიგდათ მედიკამენტები. აქცია უზრუნველყოფილია ჰუმანიტარული ტვირთით, რომელიც აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაცია UMCOR-მა გადასცა.
ღონისძიება, აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ქეთევან ბაკარაძის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს.
აფხაზეთის ა/რ მთავრობის ინფორმაციით, დევნილთა უფასო სამედიცინო დიაგნოსტიკური გამოკვლევები ზუგდიდსა და დარჩელში 13 აპრილსაც გაიმართება და პროცესს დაესწრება აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია.