დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და კინოცენტრ „აფხაზეთი"-ს ორგანიზებით, ქალაქ თბილისში დედაენის ძეგლთან დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მოეწყო. ღონისძიებას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გავზავა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეები ესწრებოდნენ.
ღონისძიება პროექტის „ქართული ენის პოპულარიზაცია საქართველოს ქართულ და არაქართულენოვან საჯარო სკოლებში" ფარგლებში ეწყობა და მასში მონაწილეობენ აფხაზეთის #2 და #3, ბოლნისის რ-ის სოფლების: მამხუტისა და ქვემო არქევანის, მარნეულის რ-ის სოფლების: კაჩაგანისა და სადახლოს აზერბაიჯანულენოვანი, კოდის საჯარო სკოლის, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი მოსწავლეები, თეთრიწყაროს რ-ის სომხურენოვანი საჯარო სკოლებისა და კახის რაიონის (ისტორიული ჰერეთის) საშუალო სკოლის მოსწავლეები. პროექტში მონაწილეობას მიიღებს ქველმოქმედთა სახლის „მომავლის გზა" აღსაზრდელები.
ღონისძიების მიზანია, ქართული ენის პოპულარიზაცია საქართველოს ქართულ და არაქართულენოვან საჯარო სკოლებში და ინტეგრაცია.
ღონისძიება აფხაზეთის ა/რ მთავრობის, თბილისის მერიისა და ქალაქ თბილისი ზოოპარკის მხარდაჭერით იმართება.