აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა და საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა.

ხელმოწერის ცერემონიალს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ბელა კოპალიანი, მინისტრის მთავარი მრჩეველი ზაზა მიქავა და ბიბლიოთეკის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

მემორანდუმის თანახმად, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ექნება შესაძლებლობა უსასყიდლოდ ისარგებლოს საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზებით და ასევე ბიბლიოთეკათშორისი მომსახურეობის აბონემენტით, თავის მხრივ ეროვნული ბიბლიოთეკა სამინისტროსთან ერთად განახორციელებს ერთობლივ პროექტებს.

დიმიტრი ჯაიანმა მადლობა გადაუხადა ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობას თანამშრომლობისთვის და მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა: „ამ მემორანდუმით ეროვნული ბიბლიოთეკა საოცარ საქმეს აკეთებს საქართველოს ხვალინდელი დღისთვის, ისტორიისთვის, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში აფხაზეთის საჯარო სკოლები საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას და ხელშეწყობას".

პირველი ერთობლივი ღონისძიება 5 მაისს ქალაქ ზუგდიდში იგეგმება, რომლის ფარგლებშიც, აფხაზეთის საჯარო სკოლებს წიგნები გადაეცემათ, რაც საგრძნობლად გაამდიდრებს სკოლების მწირ ბიბლიოთეკებს და ხელს შეუწყობს მოზარდებში კითხვისა და ზოგად საგანმანათლებლო პროცესისადმი ინტერესის გაღვივებას.