სენაკში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები უტარდება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, 10 და 11 მაისს ქ. სენაკში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები ტარდება.

დევნილების სამედიცინო გამოკვლევებში მონაწილეობას იღებენ აკადემიკოს ნ.ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფო) წამყვანი ექიმები, კერძოდ: კარდიოლოგი, ნევროლოგი, პედიატრი, ქირურგი, უროლოგი, ექოსკოპისტი, ალერგოლოგი, გინეკოლოგი და სხვა პროფილის წამყვანი სპეციალისტები.

აფხაზეთიდან დევნილებს ადგილზე უტარდებათ ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური გამოკვლევები, ასევე უფასოდ გადაეცემათ მედიკამენტები და ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ჰუმანიტარულმა ორგანიზაცია UMCOR-მა გადასცა.

10 მაისს, ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, სენაკის გამგებელი გოჩა დგებუაძე, აფხაზეთის მთვარობი წევრები, ასევე ადგილობრივი თვითმმართელობის ორგანოებისა და აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

2 დღის განმავლობაში უფასო სამედიცინო გამოკვლევა სენაკში მცხოვრებ 2000-მდე დევნილს ჩაუტარდება. ღონისძიებებს ერთჯერადი ხასიათი არ ექნება, მომავალშიც გაგრძელდება და მთელ საქართველოს მოიცავს.