აფხაზეთის მთავრობამ მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებისთვის მიღება გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთიდან დევნილი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებისთვის მიღება გამართა.

ვეტერანებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ უმასპინძლა. მათ ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა, დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა უსურვა.დევნილ ვეტერანებს დღევანდელი დღე აფხაზეთის მთვრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებმაც მიულოცეს.

ვახტანგ ყოლბაიამ ვეტერანებს ქვეყნის ისტორიაში მათი განსაკუთრებული წვლილის შეტანისა და ღვაწლისთვის, მათი გმირული თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ვულოცავ ფაშიზმზე გამარჯვებას ჩვენს ვეტერანებს. ეს გამარჯვება კაცობრიობის დიდი მონაპოვარია. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელი გავიდა დღეს ჩვენთან არიან წარმომადგენლები იმ დიდი არმიისა, რომლებმაც 69 წლის წინ საქართველო დატოვეს და ომში გმირულად იბრძოდნენ. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, მოვეფეროთ და ყურადღება მივაქციოთ ამ ადამიანებს, რომლებმაც ეს დაიმსახურეს თავიანთი პატრიოტიზმით, სისხლით, შრომით, ტკივილით, ჭრილობით, გმირობით, საოცარი განცდით და ეს ყოველივე საქართველოს კეთილდღეობას მოახმარეს"- განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

აფხაზეთის მთავრობამ „პრივატბანკი"-ს მხარდაჭერით ვეტერანებს საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცა. ყველა მათგანს ასევე კომპანია „ბარამბოს" ტკბილეული, კომპანიების „ბორჯომი"-ის, „ნატახტარი"-ის, „სანტე"-სა და „გაგრა+"-ის მიერ მოწოდებული სასმელები დაურიგდა.