9 მაისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა მელიტონ ქანთარიას საფლავი გვირგვინით შეამკეს. მის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ქეთევან ბაკარაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ოთარ გოგოხიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, კობა ქანთარიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ.
მელიტონ ქანთარიამ 1945 წლის 30 აპრილს ბერლინის აღების შემდეგ რაიხსტაგზე ფაშისტური დროშა ჩამოაგდო და საბჭოთა დროშა აღმართა.
ომიდან დაბრუნების შემდეგ, ქანთარია აფხაზეთში ცხოვრობდა. სოხუმის დაცემის შემდეგ კი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, სადაც 1993 წლის 26 დეკემბერს გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, მელიტონ ქანთარია მის მშობლიურ ჯვარში, მისსავე სკოლის ეზოში დაკრძალეს. მოგვიანებით კი ამ სკოლას მელიტონ ქანთარიას სახელი ეწოდა.