ქალაქ ჯვარში აფხაზეთიდან დევნილთა სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები მიმდინარეობს

დღეს, ქალაქ ჯვარში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ღუდუშაურის კლინიკის თანადგომით დევნილთა მორიგ სამედიცინო გამოკვლევას ატარებს. გამოკვლევები უტარდება როგორც დევნილ, ისე ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულ მოსახლეობას. სამედიცინო გამოკვლევები მრავალპროფილურია და მოიცავს ქირურგიას, დერმატოლოგიას, ენდოკრინოლოგიას, პედიატრიას, ექოსკოპიურ გამოკვლევებს, გინოკოლოგიას, კარდიოლოგიას. ადგილზე რიგდება ჰუმანიტარული დახმარება, ასევე 70-მდე დასახელების მედიკამენტი.

აქციის მნიშვნელობასა და მასშტაბებზე ისაუბრა აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ. მისი თქმით, ამ რეგიონში მძმე სოციალური ფონია და ასეთი ტიპის აქციას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

„დაბა ჯვარში, გრძელდება აფხაზეთის ჯანდაცვის პროგრამული უზრუნველყოფა გასვლითი ღონისძიების ფარგლებში, რომელიც მოიცავს დევნილი მოსახლეობისა და არა მარტო მათ მრავალპროფილურ კვლევებსა და უფასო მედიკამენტების გაცემას. ამჯერად ჩვენი მხარდამჭერები არიან ღუდუშაურის ეროვნული ცენტრის წამყვანი სპეციალისტები, აქ წარმოდგენილია ექიმების ფართო სპექტრი, რომლებიც უსასყიდლოდ ემსახურებიან ბენეფიციარებს. ეს არის საზღვრისპირა რეგიონი, აქ ძალიან მძიმე სოციალური ფონია, საკმაოდ ბევრი სოციალურად დაუცველია და მათი განსაკუთრებული თხოვნა იყო, რომ სწორედ ამ რეგიონში ჩატარებულიყო კვლევები და სწორედ ამ თხოვნის საფუძველზე მოხდა ჩვენი აქ ჩამოსვლა. ხვალაც ასეთივე რეჟიმით გაგრძელდება ანალოგიური ღონისძიება ამავე რეგიონში და უფრო მეტ ნაკადს ველოდებით. ასევე აღსანიშნავია, რომ ხალხი ოკუპირებული ტერიტორიებიდანაც გადმოდის. ეს ხორციელდება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ, აქ მობილიზებულია რამდენიმე ავტოსატრანსპორტო საშუალება. ჩვენი ღონისძიების მხარდამჭერია ასევე წალენჯიხის მუნიციპალიტეტი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მათ ასეთი თანადგომისათვი", - განაცხადა ქეთევან ბაკარაძემ.

დღის მეორე ნახევარში სამედიცინო გამოკვლევების პროცესს შეურეთდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია. იგი ადგილზე გაეცნო აქციის მიმდინარეობასა და დევნილთა პრობლემებს. ყოლბაიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საყოველთაო დაზღვევის პროგრამა მოქმედებს, აფხაზეთის მთავრობის მხრიდან ჩატარებული აქციები დამატებით პროფილაქტიკურ-პრევენციულ ხასიათს ატარებს. მისი თქმით, სამეგრელოში გამოკვლევები უკვე მესამედ დარდება და ამავე რეგიონში, კონკრეტულად ზუგდიდში, უახლოეს მომავალში კიდევ ერთხელ ჩატარდება სამედიცინო გამოკვლევები, შემდეგ კი აქცია გაგრძელდება იმერეთში, აჭარასა და თბილისში.

„აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო, უკვე მერამდენედ აწყობს ასეთ ღონისძიებას. სამეგრელოში ჩვენ უკვე მესამედ ვატარებთ კვალიფიციურ გამოკვლევებს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს საყოველთაო დაზღვევის პროგრამა, რომელიც საკმაოდ ნაყოფიერად მუშაობს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩვენ მაინც საჭიროდ მივიჩნიეთ, საკუთარი ბიუჯეტიდან გამოგვეყო სახსრები უფრო პროფილაქტიკური და პრევენციული გამოკვლევებისთვის. დღევანდელმა აქციამ კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა, რომ მსგავსი შეხვედრები მოსახლეობასთან უფრო ინტენსიური უნდა იყოს. გარდა იმისა, რომ ასეთი გამოკვლევები ადამიანის ხასიათზე, უნარზე, მის შრომისუნარიანობაზე ძალიან დადებით გავლენას ახდენს, ამავე დროს, ისიც მინდა ვთქვა, რომ დევნილებისათვის ეს არის პირდაპირი კონტაქტი აფხაზეთის ხელისუფლებასთან, სამინისტორებთან, ყველა ხელმძღვანელ პირთან, ეს კი მათში მარტოსულობის განცდას მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც აქარწყლებს. აქვე მინდა დავძინო, რომ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მხოლოდ დევნილი მოსახლეობის გამოკვლევით ვართ დაკავებული, არამედ, ვისაც სურვილი აქვს, ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებით, ადგილობრივი მოსახლეობაც სარგებლობს ამ სიკეთით, რასაც ჩვენ ნამდვილად მივესალმებით. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და უღრმესი მადლობა გადავუხადო ამ მხარის გუბერნატორს - ლევან შონიას, სენაკის გამგებელს, წალენჯიხის გამგებელს, ჯვარის გამგებელს, ვინც ჩვენ მუდამ მხარში გვიდგას და გვახვედრებს გამართულ ინფრასტრუქტურას, რომ გამოკვლევები სრულყოფილად წარმიართოს, გარდა ამისა, ისინი ჩვენს დასახმარებლად საკუთარ პერსონალსაც უხმობენ და ასე ერთობლივად, მხარში დგომით და თანამშრომლებით, ჩვენ გვსურს დავძლიოთ ის უდიდესი პრობლემა, რასაც ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ჰქვია. მახარებს დევნილების მადლიერება და კმაყოფილების გრძნობა, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის ბევრი, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ ამგვარი აქციები უფრო ინტენსიური უნდა გახდეს. ამას ემატება ისიც, რომ ჩვენ დევნილებს უფასოდ ვაძლევთ წამლებს. ვფიქრობ, მომავალი წლისთვის, ჩვენს ბიუჯეტში კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ უფასო წამლებისთვის განკუთვნილი სახსრები. გამოიკვეთა კიდევ ერთი მომენტი - დევნილი პაციენტი და ექიმი უშუალო კონტაქტის მეშვეობით, როცა რაიმე პრობლემურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, უკვე თბილისში აგრძელებენ მკურნალობას. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ღუდუშაურის სამედიცინო ცენტრის, რესპუბლიკური საავადმყოფოს, კლინიკა „ენმედიცისა" და ტატიშვილის კლინიკის ხელმძღვანელობას, რომლებთანაც ჩვენ მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული. ვფიქრობ, რომ ერთობლივად ძალიან კარგ საქმეს ვაკეთებთ. ჩვენ სამეგრელოში კიდევ ერთ პროფილაქტიკურ გასინჯვას გავაკეთებთ, ალბათ ეს იქნება ქალაქ ზუგდიდში, სადაც ძალიან დიდი კომპაქტური ჩასახლებებია, საიდანაც მოგვმართეს შესაბამისი თხოვნით და ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო ჩვენი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში კიდევ ერთ გამოკვლევაზე იზრუნებს", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.