ვახტანგ ყოლბაია სამეგრელოს რეგიონში იმყოფებოდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია 17 და 18 მაისს სამეგრელოს რეგიონში იმყოფებოდა. მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ქეთევან ბაკარაძესთან ერთად ქალაქ ჯვარში აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვების პროცესს დაესწრო,შეხვდა და გაესაუბრა დევნილებს, გაეცნო მათ პრობლემებს, რიგი საკითხები ადგილზე გადაწყვიტა. დევნილებს 2 დღის განმავლობაში ჩაუტარდათ ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური გამოკვლევები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის წამყვანმა სპეციალისტებმა. დევნილებს დანიშნულების შესაბამისად გადაეცათ მედიკამენტები და დაურიგდათ ჰუმანიტარული ტვირთი.

ვახტანგ ყოლბაია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ ოთარ გოგოხიასთან ერთად გაეცნო სამეგრელოს რეგიონში სოფლის მეურნეობის საპილოტე პროგრამის მიმდინარეობას. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ აფხაზეთის მთავრობას სარგებლობის უფლებით გადმოეცა რამოდენიმე ასეული ჰექტარი მიწის ნაკვეთი, სადაც წელს პირველად 10 ჰექტარზე ჩატარდა ხვნა-თესვის სამუშაოები. აღნიშნული პროექტის გეგმა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტორსა და აფხაზეთის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლობით შეიქმნა. მიწის ნაკვეთის მოსარგებლეები აფხაზეთიდან დევნილები არიან და პროექტის ფარგლებში დასაქმებულია 20-ზე მეტი დევნილი ოჯახი. ვახტანგ ყოლბაია ზუგდიდში შეხვდა აფხაზეთის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს და პროექტის უშუალო ბენეფიციარებს, მათთან ერთად განიხილა პროექტის ეფექტურად განხორციელებისათვის აუცილებელი სამომავლო გეგმები.