ქუთაისში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აკადემიკოს ვ.ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრ „ენმედიცს" შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მორიგი სამედიცინო პროფილაქტიკური-გამოკვლევები ქუთაისში მცხოვრებმა, სოციალურად დაუცველმა დევნილებმა გაიარეს.

გამოკვლევები 17-18 მაისს ქუთაისის მერიის, ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის შენობასა და ავანგარდის ტერიტორიაზე არსებულ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მიმდინარეობდა. კლინიკა „ენმედიცის" მაღალპროფესიულ ექიმთა ჯგუფი ორი დღის განმავლობაში, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებს სხვადასხვა სახის დიაგნოსტიკურ და ლაბორატორიულ გამოკვლევებს უტარებდა. აქციაში მონაწილეობა მიიღეს კლინიკის სპეციალისტებმა, კერძოდ თერაპევტმა, პედიატრმა, კარდიოლოგმა, ნევროლოგმა, გინეკოლოგმა, ქირურგი, ოფთალმოლოგმა, ბავშვთა ენდოკრინოლოგმა და ოტორინოლარინგოლოგმა.

მემორანდუმის ფარგლებში სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები თბილისში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებს, აფხაზეთის ომის ვეტერანებს, ომში დაღუპულთა დედებსა და ბორჯომში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას უკვე ჩაუტარდა.

სამედიცინო აქციაში საქართველოს სხვა რეგიონში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებიც ჩაერთვებიან.