აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ბელა კოპალიანი სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფებოდა,სადაც შეხვედრები გამართა საგანმანათლებლო სფეროს ექსპერტებთან. ვიზიტი პროექტის - „სასკოლო მზაობის ცენტრები საქართველოს სასოფლო რეგიონებში"ფარგლებში განხორციელდა.
პროექტის მიზანია საქართველოში დანერგოს საპილოტე პროგრამა 5 წლის ასაკის ბავშვების სასკოლო მზაობისათვის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც არ არის საბავშვო ბაღები.
პროექტის ფარგლებში, შერჩეული სკოლების ბაზაზე ჩატარდება სკოლამდელი განათლების ცენტრების სარემონტო სამუშაოები, თითოეული ცენტრი აღიჭურვება შესაბამისი ავეჯით. ასევე შერჩეული პედაოგები გაივლიან გადამზადებას, საპილოტე პროექტის განმავლობაში უზრუნველყოფილნი იქნებიან მეთოდური მასალებით და სახელფასო ანაზღაურებით.
პროექტი სრულ თანხვედრაშია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ პოლიტიკასთან სკოლამდელი განათლების სფეროში.
პოლონეტში ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გაიმართა ვარშავის კოპერნიკის სამეცნიერო, საგანმანათლებლო ინიციატივებისა და საზოგადოებრივ საგანმანათლებლო ინიციატივების ცენტრებში. შეხვედრები მოეწყო ასევე, სკოლამდელი განათლების სპეციალისტებთან და მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრში.
პოლონელმა კოლეგებმა, საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებს გააცნეს საუკეთესო პრაქტიკის მქონე სკოლამდელი განათლების სპეციალისტების მიერ ჩატარებული მეცადინეობები.
საპილოტე პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ, კვლავ გაიზრდება საქართველოს მასშტაბით სასკოლო მზაობის ცენტრების დაფუძნება, რომელშიც აქტიურად იქნება ჩართული აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო.
პროექტის პარტნიორები არიან პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, პოლონური საგანმანათლებლო ორგანიზაცია „ედუკატორი", საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ასოციაცია „კივიტას გეორგია" და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო.