აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

23 მაისი სვიმონ კანანელის ხსენების დღეა, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით და ლოცვა კურთხევით 23 მაისი „აფხაზეთობის“ დღედ დადგინდა

ამ დღესთან დაკავშირებით, დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები:

09:00 საათზე, სვეტიცხოვლის საპატრიარქოს ტაძარში, მოციქული სვიმონ კანანელის ხსენების დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვას გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია აღავლენს. 

11:00 საათზე, აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და დევნილი საზოგადოება გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ.

13:30 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა ქალაქ "მზიურში", ქვების პარკში დაიდგმევა აფხაზეთის გამოჩენილი პიროვნებებისადმი მიძღვნილი ქვა, რომელზეც ამოტვიფრულია აფხაზეთის მკვიდრი ცნობილი საზოგადო მოღვაწეების, სასულიერო პიროვნების, სპორტსმენების, მწერლების, ხელოვანების და მედიცინის მუშაკების სახელები.

ღონისძიებას საზეიმოდ გახსნის აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია. შესრულდება ქართულ- აფხაზური სიმღერები.

აფხაზეთის მთავრობა რამდენიმე თვის განმავლობაში ატარებდა საზოგადოებრივ გამოკითხვას დევნილ მოსახლეობაში, რათა გამოევლინათ აფხაზეთის საზოგადოების ყველა დროის გამოჩენილი პიროვნებები. ხმათა უმრავლესობით შერჩეულ იქნა 13 პიროვნება: დიმიტრი (არზაყან) ემხვარი, ილია ვეკუა, აკაკი ჩხენკელი, გიორგი შარვაშიძე, ამბროსი ხელაია, დიმიტრი გულია, ლეო ბოკერია, ზურაბ სოტკილავა, ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძე, ვიტალი დარასელია, ვიქტორ სანეევი, ვლადიმერ ბარქაია და გიორგი (ჟორა) სიჭინავა.

15:00 საათზე კი საპატრიარქოში  აფხაზეთისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება, რომელის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებით მოეწყობა. კონფერენციის შემდგომ აფხაზეთიდან დევნილი კომპოზიტორის ია მაისაიას სიმღერის "აფხაზეთო საქართველოს მშვენებავ" კლიპის პრეზენტაცია გაიმართება.