აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დღეს ესტონეთის დელეგაცია სტუმრობდა

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დღეს ესტონეთის დელეგაცია სტუმრობდა. დელეგაციის წევრებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი შეხვდნენ.

ვიზიტი დაგეგმილი იყო პროექტის „ხარისხიანი განათლება სოციალური რისკის ბავშვებისათვის" ფარგლებში, რომლის მიზანია ურთიერთთანამშრომლობით ესტონეთის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, რომელიც მიზანმიმართულია ბავშვებზე ორიენტირებული განათლების დანერგვის ხელშესაწყობად. პროექტის მიზანი თანხვედრაშია იუნესკოს მიზნებთან „განათლება ყველასათვის" და მილენიუმის განვითარების მიზნებთან - განათლების ხარისხის გაუმჯობესება და ხელმისაწვდომობა.

ესტონური დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. ესტონეთის საელჩოს, აფხაზეთის მთავრობის, ორგანიზაცია „სკოლა, ოჯახი, საზოგადოება"-სა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შორის. მემორანდუმს ხელი მოაწერა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა, ორგანიზაციის „სკოლა, ოჯახი, საზოგადოება" ხელმძღვანელმა ლაშა მკურნალიძემ და თბილისში ესტონეთის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ სვენ სიჰრვატიმ.

პროექტში ჩართულნი არიან შემდეგი ქვეყნები: ესტონეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსია და საქართველო. პროექტის პარტნიორია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო. პროექტის ფარგლებში 2014 წლის 24-25 მაისს დაიწყება პირველი სამუშაო შეხვედრა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში.

შეხვედრაზე პროექტის მიმართულებების შესახებ და მასში აფხაზეთის სკოლების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ, განათლების ექსპერტმა, ქალბატონმა ბელა კოპალიანმა.