აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ქალაქ ზუგდიდსა („ვექტორი" და „ფაიფურის ადმინისტრაციის შენობა") და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში (სოფ. ინგირის საერთო საცხოვრებელი), აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ორდღიანი სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ტარდება.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და სამინისტროს თანამშრომლები ესწრებიან.
სამედიცინო აქციაში მონაწილეობენ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, აგრეთვე აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების წამყვანი ექიმ-სპეციალისტები. კერძოდ: თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, გასტროენტეროლოგი, უროლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი სპეციალისტები, ექიმი-ლაბორანტი, დერმატოლოგი. დევნილებს ადგილზე უტარდებათ ლაბორატორიული და ინსტრუმენტული (საჭიროების შემთხვევაში) გამოკვლევები, ასევე უფასოდ გადაეცემათ მედიკამენტები და ჰუმანიტარული ტვირთი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, სამეგრელოში მსგავსი სახის გამოკვლევები უკვე მეოთხედ ტარდება, შემდეგ კი აქცია იმერეთში, აჭარასა და თბილისში გადაინაცვლებს.
„დღეს და ხვალ ზუგდიდში უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდება. ეს აქცია რიგით მეოთხეა სამეგრელოში. ზუგდიდში დაპირებისამებრ მეორე აქცია იმართება, რადგან ამ ქალაქში განსაკუთრებით დიდია დევნილთა რაოდენობა. ამ გამოკვლევებს ჩვენს ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხების წყალობით წარვმართავთ. სამეგრელოს რეგიონში სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ამჯერად ამით სრულდება. შემდეგი აქციები გვექნება იმერეთში, აჭარასა და თბილისში. ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო მთელი თავისი შემადგენლობით ატარებს ამ აქციას. კიდევ ერთხელ უღრმეს მადლობას ვუხდი ღუდუშაურის ცენტრს და განსაკუთრებით ბატონ ელგუჯა გოცირიძეს, რომელიც მყისიერად გამოეხმაურა ჩვენს თხოვნას და გამოგვიგზავნა შესანიშნავი პროფესიონალები, რომლებიც ჩვენი სისტემის სპეციალისტებთან ერთად ამ წუთებშიც ატარებენ გამოკვლევებს ზუგდიდის ენგურკომბინატის დასახლებაში. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ზუგდიდის სხვადასხვა დასახლებებში მცხოვრებ დევნილებს ტრანსპორტირების საკითხებს უგვარებენ ჩვენი წარმომადგენლობის მუშაკები. უკვე ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა. ვფიქრობ, დღის ბოლომდე და ხვალ, კიდევ უფრო მეტი ხალხი გაივლის უფასო სამედიცინო შემოწმებას", - აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.