აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონალური მართვის მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე და აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის უფროსი დავით გვაძაბია იმერეთის რეგიონში, კერძოდ, წყალტუბოში, ხონსა და კოპიტნარში დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში იმყოფებოდნენ. დევნილებთან შეხვედრებს ესწრებოდა აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იმერეთის რეგიონში ზაზა ჩაჩავა.
ვახტანგ ყოლბაია და მთავრობის წევრები კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ და მათ პრობლემებსა და საცხოვრბელ პირობებს გაეცნენ. შეხვედრისას გაირკვა, რომ კომპაქტურ ჩასახლებებში არსებობს შიდა წყლის მილების პრობლემა, ზოგიერთ სანატორიუმში გადახურვისა და კანალიზაციის ჭების პრობლემა. აფხაზეთის ა/რ მთავრობის ინიციატივით და ადგილობრივი გამგეობის მხარდაჭერით, რიგ ჩასახლებებში, კერძოდ წყალტუბოს ზოგიერთ სანატორიუმში გაიწმინდა კანალიზაციის ჭები, ამოიტუმბა სარდაფებში დაგროვილი წყალი, მოგვარდა სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დაიწყო საცხოვრებელი კორპუსების გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო-აზომვითი სამუშაოები.
დევნილთა განცხადებით, ვახტანგ ყოლბაია მათთან რამდენიმე კვირის წინაც იმყოფებოდა და სწორედ აღნიშნული პრობლემების მოგვარება აღუთქვა, რასაც ისინი მიესალმებიან და იმედს გამოთქვამენ, რომ აფხაზეთის მთავრობა მათ მომავალშიც არ დატოვებს უყურადღებოდ.
გარდა ამისა, წყალტუბოსა და ხონში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ საცხოვრებელი ბინების დაკანონების სამუშაოები მიმდინარეობს.
დამატებითი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის სანატორიუმებთან დაიდგა კონტეინერები, ხოლო გამგეობამ სანატორიუმ „სამგურალის" დაზიანებული სახურავის აღდგენის პროექტი შეიმუშავა.