აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში სიმონ მიმინოშვილის დაბადებიდან 100 წლსითავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გაიმართა

დღეს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, ცნობილი ოფთალმოლოგის, აფხაზეთისა და საქართველოს დამსახურებული ექიმის, სიმონ მიმინოშვილის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გაიმართა. ღონისძიება აფხაზეთის ა/რ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება.

საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილოება მიიღეს აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავამ, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა, მედიცინის მუშაკებმა.

საიუბილეო სხდომა გახსნა აფხაზეთის ა/რ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა ზურაბ ლომთათიძემ, საზოგადოების წინაშე სიტყვით წარსდგნენ ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტირ ჯაიანი. დამსახურებული ექიმი მოიგონეს მისმა მოწაფეებმა და ოჯახის წევრებმა.

სიმონ მიმინოშვილი მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიისა და გამოგონების ავტორია, მათ შორისაა დღესაც პრაქტიკაში ფართოდ გავრცელებული ოფთალმოლოგიური მაკრატელი (მიმინოშილის მაკრატელი). სიმონ მიმინოშვილი დაკრძალულია ქ. სოხუმში.

27 ივნისს დაგეგმილია სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასევე სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლები.

„სიმონ მიმინოშვილი მიეკუთნება ადამიანთა იმ კატეგორიას, რომლებიც თავიანთი ცხოვრებით იძლევიან კეთილშობილების, მეცნიერის მაღალი პასუხისმგებლობის და სამოქალაქო შეგნების მაგალითს. მან თავისი ცხოვრება სანიმუშოდ, ღირსეულად განვლო. ის იყო როგორც სოხუმელებს უყვართ თქმა „კარენნოი სუხუმჩანინ", დაბადებული და გაზრდილი სოხუმში, დიდებულ, ტრადიციულ ოჯახში. სიმონ მიმინოშვილმა და მისმა ძმამ ძალიან დიდი კვალი დატოვეს ზოგადად კულტურულ და, რაღა თქმა უნდა, სამეცნიერო ცხოვრებაში. მედიცინაში, ოფთალმოლოგიის დარგში ბატონი სიმონის დამსახურება დაუფასებელია. იგი ყოველმხრივ განვითარებული პიროვნებაც გახლდათ, მედიცინის შემდეგ მისი ყველაზე დიდი გატაცება პოეზია იყო. მას ძალიან მდიდარი ბიოგრაფია აქვს. სიმონ მიმინოშვილის სამეცნიერო დისერტაცია, რომელიც 1950-60 - იან წლებში დაიცვა, გამორჩეული იყო პრაქტიკულ მასალაზე შემუშავებული დიაგნოსტიკური გამოკვლევებით. აღსანიშნავია, რომ მან ფეხდაფეხ დაიარა ყოველი ოჯახი აფხაზეთში, ყოველი მათგანის ავადმყოფობის ისტორია დაუქვემდებარა გამოწვლილვით კვლევას. სწორედ ამ მასალაზე დაყრდნობით შექმნა ბატონმა სიმონმა თავისი გიგანტური ნაშრომი, რომელიც დღესაც სამაგიდო წიგნია უამრავი ოფთალმოლოგისთვის. სიმონ მიმინოშვილის სახელით დღესაც და მომავალშიც იამაყებს საქართველოს სამედიცინო საზოგადოება. იგი იმ პლეადის ბრწყინვალე წარმომადგენელია, რომლითაც სოხუმელები განსაკუთრებით ამაყობენ. დარწმუნებული ვარ, მისი სახელსა და დაბადების დღეს სოხუმში ფართოდ თუ არა, ვიწრო წრეში მაინც აღნიშნავენ, თბილად მოიხსენიებენ, როგორც მკურნალს, მეცნიერს და ბრწყინვალე დასტაქარს. მისი გონება და სულიერი ენერგიის რესურსი მუდმივად სიკეთის, სიყვარულის და ადამიანების თვალის ჩინის სიმრთელეზე ნაწილდებოდა. აფხაზეთში და დანარჩენ საქართველოში არასოდეს დაივიწყებენ მის სახელს", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.