აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

გობელენის მუზეუმში აფხაზეთის ახალგაზრდა მხატვართა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

საქართველოს და აფხაზეთის მხატვართა კავშირის, თბილისის სამხატვრო აკადემიის ორგანიზებითა და აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით, შარდენის ქუჩაზე გობელენის მუზეუმში აფხაზეთის ახალგაზრდა მხატვართა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აფხაზეთიდან დევნილი 14 ბავშვის 40-მდე ნამუშევარი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.

ასეთი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა ვახტანგ ყოლბაიამ. მისი თქმით, კულტურა, განათლება და სპორტი აფხაზეთის მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტთაგანია.

„ბატონმა ნუგზარ მგალობლიშვილმა აღნიშნა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აფხაზეთიდან ახალგაზრდა ნიჭიერი მხატვრების ნამუშევრები ერთადაა თავმოყრილი, რაც საერთო შთაბეჭდილებას უფრო მეტად აძლიერებს. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ძალიან შთამბეჭდავი გამოფენაა. მეამაყება, რომ ჩვენი კუთხის შვილებს ასეთი ჩამოყალიბებული მსოფლმხედველობა, ზნეობრივი ნორმები და საკუთარი ქვეყნის სიყვარული საკუთარ ნახატებში, მხატვრული ორიგინალობით აქვთ გადაწყვეტილი. რად ღირს თუნდაც ეს სურათი, „ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით" და „აქ ჩემი სახლია". მეამაყება, რომ ასეთი ახალგაზრდები მოდიან. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავრობა, როდესაც ბიუჯეტს ადგენდა, ერთ-ერთ პრიორიტეტად სწორედ კულტურა, განათლება და სპორტი მიიჩნია. დღევანდელი დღე კი იმის დასტურია, რომ არ შევმცდარვართ. ვფიქრობ, ჩვენი ვალია ახალგაზრდა ნიჭიერი ხალხის გამოვლენა და მათი მხარდაჭერა. მადლობა მინდა გადავუხადო მხატვართა კავშირს ამ გამოფენისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა ჩვენი მხატვრების ნიჭი და ტალანტი საზოგადოების უმრავლესობისთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო. უღრმესი მადლობა ბატონ ნუგზარ მგალობლიშვილს და მის მეგობრებს, რომელთაც გზა გაუხსნეს წარმატებისკენ ჩვენს ახალგაზრდა მხატვრებს", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.