2 ივლისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაისთან საქმიანი შეხვედრა მოეწყო. შეხვედრა „დედათა კომიტეტის" თავმჯდომარის ქეთევან ადამიას ინიციატივითა და მისი სამეფო უმაღლესობა, ბატონიშვილ ანა ბაგრატიონი-გრუზინსკის ხელშეწყობით გაიმართა.
შეხვედას ესწრებოდნენ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „HEIFER"-ის დირექტორი გიორგი მურვანიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, სამეფო ოჯახის კანცლერი კახა ქორიძე და სხვა პირები.
სტუმრები გაეცნენ აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურებში არსებულ პროექტებს, რომლებიც დევნილთა დასაქმებასა და მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. კერძოდ, დასავლეთ საქართველოში, იმერეთში კომპაქტურად ჩასახლებული ადამიანებისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით ფინანსურ მხარდაჭერასა და სხვადასხვა პროექტების დაფინანსებას.
შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს გადაწყვეტილება ერთობლივი პროექტების განხორციელების თაობაზე, რომელიც უზრუნველყოფს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების ნაწილობრივ მოგვარებას.