ვახტანგ ყოლბაია წალენჯიხაში ბუგლარეთიდან დაბრუნებულ ხელოვან ბავშვებს შეხვდა, რომელთა შორის 20 დევნილია.
საერთაშორისო ფესტივალი „მორსკა პერლა" ბულგარეთის ქალაქ ახელოიში 25 ივნისიდან 4 ივლისამდე მიმდინარეობდა. მასში 9 ქვეყნის მოზარდებთან ერთად ქართველმა ბავშვებმაც მიიღეს მონაწილეობა.
სპეციალურად ამ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოდან, კერძოდ წალენჯიხის მუნიციპალიტეტიდან 40-ზე მეტი ბავშვი, მათ შორის 20 დევნილი მოზარდი გაემგზავრა. კონკურსი ჩატარდა ქორეოგრაფიასა და ფოლკლორულ ინსტრუმენტალურ, ასევე სასიმღერო ჯანრში. გრანპრი ქართველმა მოზარდებმა ქორეოგრაფიულ და ინსტრუმენტალურ ნომინაციაში აიღეს. მოზარდები ბულგარეთში წალენჯიხის მუნიციპალიტეტისა და ბიზნესმენ ნოდარ კორსანტიას მხარდაჭერით გაემგზავრნენ.
ვახტანგ ყოლბაიამ ბავშვებს წარმატება მიულოცა და მათთვის გაწეული დახმარებისთვის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა.
„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, ჯვარის ხელმძღვანელობას იმისათვის, რომ ისინი ასეთ ყურადღებას და თანადგომას იჩენენ ჩვენი დევნილი ბავშვებისადმი. ალბათ იცით, რამდენად ძნელია საზღვარგარეთ გასვლა. ეს არ არის მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა, ეს არის ის მორალური, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, რაც ბავშვებს ჭირდებოდათ. პედაგოგებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ამ ბავშვებს ღირსეულად წარმოეჩინათ საქართველო. ქართული კულტურა ის ფენომენია, რომელიც წარმოაჩენს ჩვენს ერს, ჩვენს ნიჭს და ჩვენს მისწრაფებას ხვალინდელი დღისკენ, განვითარებისკენ. მე ვულოცავ წალენჯიხის ფოლკლორულ ჯგუფს ამ წარმატებას. დიდი მადლობა ყველას, ვინც გვასახელა, ეს პირველი საფეხურია იმ წარმატების გზაზე, რომელიც მომავალში მრავლად ექნებათ", - აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.
თავის მხრივ, აფხაზეთის მთავრობასა და ენგურჰესის ხელმძღვანელობას მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგა გულორდავამ.
„ბულგარეთში გამართულ ხელოვნებისა და ხალხური მუსიკის ფესტივალში მონაწილეობა მიიღო ორმოცმა ბავშვმა ჩვენი მუნიციპალიტეტიდან, მათ შორის 20 ბავშვი აფხაზეთიდან დევნილია. მადლობას ვუხდი ენგურჰესის ხელმძღვანელობას, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს ამ ბავშვების დაფინანსებაში, მცირე წვლილი ჩვენც შევიტანეთ, მაგრამ მთავარია, რომ პრიზიორები ამაყები დაგვიბრუნდნენ. მხარდაჭერისთვის მადლობა მინდა გადავუხადო აფხაზეთის მთავრობას", - აღნიშნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.