აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

„საზოგადოებრივ მაუწყებელსა“ და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრს შორის შეთანხმება გაფორმდა.

ხელშეკრულების ფარგლებში, საზოგადოებრივი მაუწყებლის „მეორე არხზე" საინფორმაციო ფორმატის გადაცემები გავა, რომლებშიც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემები გაშუქდება.

აღნიშნულ ხელშეკრულებას საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა და აფხაზეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ დავითაიამ მოაწერეს ხელი.

პროექტის მიზანია აფხაზეთის პრობლემატიკასთან დაკავშირებით, ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ მყოფი დევნილი საზოგადოების ინფორმაციით უზრუნველყოფა. პროქეტში იგულისხმება ქართველთა და აფხაზთა შორის დიალოგი, სახალხო დიპლომატია, საგანმანათლებლო და სოციალურ-ეკონომიკური პროექტების მხარდაჭერა. პროექტის ფარგლებში შედის ასევე კონფლიქტის ზონაში მყოფი მაცხოვრებლებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლების სამომავლო გეგმებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების თაობაზე დროული და ოპერატიული ინფორმაციის ქართული საზოგადოებისთვის მიწოდება.

მემორანდუმის ხელმოწერას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომრე გია გვაზავა, იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი, პროფესორი ოთარ ბენიძე, აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის უფროსი იგორ კოპალიანი, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი თემურ ჩილაჩავა, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, ოთარ ჟორდანი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეტერანთა ლიგის" თავმჯდომარე მერაბ პაპასკირი, ქართულ-აფხაზური სახალხო დიპლომატიის ფონდის თავმჯდომარე ზაურ ბედია, საზოგადოებრივი კავშირ „სამურზაყანოს" თავმჯდომარე მურმან  ყოლბაია, საზოგადოებრივი მაუწყებლის „მეორე არხის" გენერალური პროდიუსერი დოდო შონავა.

„ვფიქრობ, რომ ჩვენი თანამშრომლობა საკმაოდ ნაყოფიერი იქნება და მაყურებელს საშუალება ექნება საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერის საშუალებით გაიგოს  თუ რა ხდება  აფხაზეთში, და სამაჩაბლოში, როგორ უნდა ვიმოქმედოთ, რა პროექტები უნდა განვახორციელოთ, როგორი სტრატეგია უნდა შევიმუშაოთ, რომ ერთი მხრივ, შევუმსუბუქოთ კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას ცხოვრების პირობები, მეორე მხრივ, გამოვნახოთ გზები და საშუალებები, რომ არ დავშორდეთ ერთმანეთს, არ გავიბუტოთ, არ გავითიშოთ, არ გავუცხოვდეთ", - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიმ.

„გვექნება 15 წუთიანი საინფორმაციო ბლოკი იმის შესახებ, თუ რა ხდება აფხაზეთის ტერიტორიაზე. გადაცემაში ასევე აუცილებლად იქნება საუბარი გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეებზე როგორც აფხაზებზე, ისე ქართველებსა და ოსებზე", - აღნიშნა აფხაზეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ დავითაიამ.

„ეს გახლავთ საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტი, რადგან მას ელოდება აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა, რამაც გადაგვაწყვეტინა ამ პროექტის განხორცილება", - აღნიშნა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენრალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა.

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი, ეკონომიკური, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროცესების შესახებ ცენტრი მოიპოვებს შესაბამის ინფორმაციას და დამოუკიდებლად შექმნის და მოამზადებს შესაბამის ტელეპროდუქციას (სატელევიზიო გადაცემები, ღონისძიებები, დოკუმენტური ფილმები და ა. შ.) რომელსაც მიაწვდის მაუწყებელს, ხოლო მაუწყებელი კვირაში ერთხელ უსასყიდლოდ განათავსებს მოწოდებულ ტელეპროდუქციას საზოგადოებრივი მაუწყებლის „მეორე არხის" ეთერში.