აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის სამძიმრის წერილი

  ვიზიარებ ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების მწუხარებას ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო.

  ნებისმიერი ქართველი და დასავლელი ექსპერტის აღიარებით ბატონი ედუარდ შევარდნაძე მსოფლიო დონის პოლიტიკოსების რანგს მიეკუთვნება. ის იყო ანგარიშგასაწევი და მნიშვნელოვანი ფიგურა თანამედროვე განვითარებული სამყაროსთვის. მის სახელს უამრავი მოვლენა უკავშირდება, მათ შორის, აფხაზეთის ომი და მისი ტრაგიკული შედეგები.

  ამ პირობებში, საქართველოსთვის ასეთი დარტყმის მიუხედავად, ედუარდ შევარდნაძემ საერთაშორისო სამყაროს არაორდინალური და ამბიციური პროექტი შესთავაზა „აბრეშუმოს გზის" სახით.

  „აბრეშუმის გზის" პარალელურად, მუშავდებოდა საუკუნის პროექტად წოდებული სანავთობო მილსადენების, სარკინიგზო მაგისტრალების, სატრანსპორტო მიმოსვლის, საჰაერო ტრასების გზები, რომელსაც ამ პროექტებში საქართველოს მონაწილეობა უნდა უზრუნველეყო. ბაქო-სუფსის ადრეული ნავთობის დასავლეთისკენ გატარებამ, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მოლსადენის მშენებლობამ, საქართველოს გავლით, კასპიის სანავთობო რესურსების გატარებისათვის უპირატესობის მინიჭებამ, საქართველო მსოფლიო სანავთობო რუკაზე ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ აქცია.

  ედუარდ შევარდნაძის სახელს უკავშირდება ეროვნული თუ მსოფლიო მნიშვნელობის მრავალი უდიდესი მნიშვნელობის პოლიტიკური მოვლენები.

  ედუარდ შევარდნაძის მოღვაწეობა საქართველოში ტრაგიკულიც იყო, საინტერესოც და იმედის მომცემიც. დასავლეთის ყურადღება შევარდნაძის მოღვაწეობის მიმართ საქართველოს გზას უხსნიდა იმ ფასეულობებისკენ, რომლის მატარებელიც ჩვენი ქვეყანა თავად იყო საუკუნეების მანძილზე. ალბათ არავინ იკამათებს იმაზე, რომ სწორედ ის გახლდათ დასავლეთისკენ საქართველოს გზის გამკვალავი.

  კიდევ ერთხელ ვიზიარებ ოჯახის წევრებისა და ახლობლების ღრმა მწუხარებას ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო.

 

ვახტანგ ყოლბაია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი