აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ბათუმში მეთერთმეტე საერთაშორისო კონფერენცია – „საქართველოს ევროპული გზა“ გაიმართა

10-11 ივლისს, ქ. ბათუმში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით მეთერთმეტე საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველოს ევროპული გზა"გაიმართა.

კონფერენცია საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა გახსნა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალმა ბოგდან ბორუსევიჩმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

კონფერენცია ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და მისი ნაწილის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფორმირმირებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტისთვის საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგს მიეძღვნა. კონფერენციაზე, ასევე, განიხილეს აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით არსებული გამოწვევები, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომუნიკაციისა და ინფორმაციის სტრატეგიის განხორციელების საკითხები.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროკავშირის ინსტიტუტებისა და პარტნიორი ქვეყნების მაღალი რანგის ოფიციალური პირები, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. კონფერენციას აშუქებდა საერთაშორისო და ადგილობრივი მედია.

კონფერენციის ფარგლებში  ოთხი თემატური სესია გაიმართა:

I სესია - „აღმოსავლეთ პარტნიორობის" რიგის სამიტისკენ - ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელება;

II სესია - სახალხო დიპლომატია და „აღმოსავლეთ პარტნიორობა";

III სესია - უსაფრთხოება და სტაბილურობა აღმოსავლეთ ევროპაში;

IV სესია - ერთიანი და თავისუფალი ევროპა: დასრულებულია თუ არა მისია?

კონფერენციას მიწვეეულთა შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაიაც ესწრებოდა. მან "Abkhazia News"-სთვის მიცემულ ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობაზე საქართველოში არსებული კონფლიქტების დარეგულირების საქმეში.

„ჩვენთვის ეს კონფერენცია მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ თავად პრემიერმა თავის გამოსვლაში, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დროსაც და დღესაც აღნიშნა, რომ ასოცირებით მიღებული სიკეთით უნდა ისარგებლოს მთელი ქვეყნის მოსახლეობამ, მათ შორის აფხაზებმაც და ოსებმაც. ამ კუთხით უაღრესად მნიშვნელოვანია ასოცირების შეთანხმებაში ჩადებული ინსტრუმენტების ეფექტიანი გამოყენება ჩვენს ქვეყანაში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოწესრიგების საქმეში. ვფიქრობ, რომ აფხაზეთთან დაკავშირებით აუცილებელია მათი მონაწილეობის ფაქტორის მკვეთრი გააქტიურება ევროკავშირის საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების სამოქმედო გეგმის დოკუმენტის რეალიზაციისას. ამ მოსაზრებას ამყარებს ის გარემოებაც, რომ საკმაოდ მკვეთრად იგრძნობა აფხაზების, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის სწრაფვა იზოლაციის თავიდან აცილებისკენ და ინტერესი ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ. ამიტომ დღის წესრიგში დგება ამ მიმართულებით ჩვენი მხრიდან პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმის პროცესი, რის მძლავრ იმპულსსაც ასოცირების შეთანხმება იძლევა. ცნობილია ისიც, თუ რა შეფასებები მოჰყვა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას სოხუმში. გაძლიერდა განწყობა, რომ თითქოს უნდა გაძლიერდეს აფხაზების რუსეთთან ინტეგრაციის პროცესი. ვფიქრობ, სწორედ აქაა  საჭირო ერთიანი საქართველოს ფარგლებში, ევროკავშირის მიერ აფხაზეთთან ისეთი ჰუმანიტარული მისიების განხორციელება, როგორიცაა ვთქვათ „რბილი ძალა", „რბილი მეთოდები". მხედველობაში მაქვს ისეთი მოტივაციის გაღვივება, რომელიც ევროპისკენ აფხაზების სწრაფვას გააღრმავებს. ჩვენთვის დღეს ეს თემა სტრატეგიულ კონტურებს იძენს. ყველასთვის გასაგებია, რომ ევროკავშირი აფხაზებისთვის შეუძლებელია არ იყოს მომზიდველი. მაგრამ როგორ უნდა ჩაერთონ ამ პროცესში ისე რომ, როგორც იტყვიან, სახეც შეინარჩუნონ, და, ამავე დროს, მიიღონ ყველა სიკეთე, რომელსაც თავისუფალ ევროპულ სივრცეში ინტეგრაცია იძლევა, რთული ამოცანაა. მაგრამ, როგორც იტყვიან, შეუძლებელი არაფერია.   ჩვენ როგორმე უნდა მოვახერხოთ ამ თავის ტკივილთან გამკლავება", - აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.

ვახტანგ ყოლბაიას აზრით, მნიშვნელოვანია გადაიდგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც აფხაზების ძირითადი პრობლემების მოგვარებისა და ევროსტრუქტურების მიმართ აფხაზების ნდობის გაღრმავებისკენ წარიმართება.

„აფხაზებისთვის მთავარი პრობლემები დღეს დემოგრაფიული საკითხების გარდა, ახალი კონტაქტების დამყარებაცაა. ასევე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია სპეციალური პროგრამების ხელშეწყობა, რომლებიც აფხაზური ენის შენარჩუნებისა და განვითარებისაკენ იქნება მიმართული. საინტერესო იქნება მათთვის ასევე სამეცნიერო ცენტრებთან ურთიერთობა, ჯანდაცვის პროგრამებში ჩართვა დაახლოებით იმ დონეზე, როგორც საქართველოს ხელისუფლებამ ეს გააკეთა რეფერალური პროგრამების შემუშავებისას.

შესაძლებელია ასევე ევროპულ სივრცეში, საქართველოს ერთიან ფარგლებში აფხაზების სოციალ-კულტურული თვითმყოფადობის წარმოჩენის ღონისძიებებზე ფიქრიც. რაღა თქმა უნდა, აფხაზეთის ეკონომიკური აღორძინების პროგრამების დამუშავებაზეც უნდა ვიფიქროთ, რომელიც ფოკუსირებული იქნება აფხაზეთისთვის ისეთი დარგების მოდერნიზაციაზე, როგორიც არის მომსახურების სფერო, მაგალითად, ტურიზმი. ასევე სოფლის მეურნეობა, კერძოდ, სუბტროპიკული კულტურები და ა.შ. ეს იმ საკითხთა არასრული ჩამონათვალია, რომლის განხორციელებაზე უნდა ვიფიქროთ. მიმაჩნია, რომ ასეთი მუშაობა  სოხუმის ინტერესს ევროსტრუქტურების მიმართ გააქტიურებს. რა თქმა უნდა, ისიც უნდა ითქვას, რომ თავად ასოცირების ხელშეკრულების შესრულება ხანგრძლივი პროცესია, ხვალვე არაფერი ხდება და ვფიქრობ, გადაჭარბებული მოლოდინს მხოლოდ ზიანი მოაქვს. დაახლოების, შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესის გააქტიურების გარეშე ქართველებსა და აფხაზებს შორის, არაფერი გამოვა; უმთავრესი კი მაინც ისაა, რომ ამ ნაბიჯების გადადგმისას გაღიზიანება და ზეწოლა გვერდზე უნდა გადავდოთ. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, განსაკუთრებით იმ ფონზე, რა სიტუაციაც ახლაა შექმნილი აფხაზეთში. დროა საჭირო და დაფიქრება, რომ სოხუმში კარგად გააანლიზონ ის სიკეთე, რომელსაც მათ ევროპასთან დაახლოება მოუტანს.", - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ.