სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის დაარსებიდან 82 და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის შექმნიდან 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ჯონი აფაქიძემ გახსნა.
კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმ¬ჯდო-მარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე გია (ელგუჯა) გვაზავა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი. კონფერენციას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ.
სიტყვით გამოსვლისას სოხუმის უნივერსისტეტის განსაკუთრებულ ისტორიასა და როლზე ისაუბრა ვახტანგ ყოლბაიამ.
„როდესაც სოხუმის უნივერსიტეტზე ვლაპარაკობთ, ყველას გვახსენდება 25 წლის წინ განვითარებული მოვლენები, 18-19 ივლისის შეტაკებები, რომელსაც ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვა. სამწუხაროდ ეს იყო სწორედ იმ უბედურების დასაწყისი, რომელიც ყველამ ერთად გადავიტანეთ და აქამდე მოვედით. მაგრამ ისტორიას თავისი გზა და კანონები აქვს. ცხოვრება გაგრძელდა და ჩვენმა უნივერსიტეტმაც ახალი ფურცლები ჩაწერა უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ცხოვრებაში. ისტორიულმა მეხსირებამ კი შემოგვინახა ჩვენი წარსულის ტრაგიკული ფურცლები, რომელიც ძალიან კარგად აღნუსხავს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების შეცდომებს, რომელიც ორივე მხარეს საკმარისზე მეტი იყო. დღეს აფხაზეთის უნივერსიტეტი, მოგეხსენებათ, განსაკუთრებული სტატუსით სარგებლობს, რაც ძალიან კანონზომიერია. სწორედ ჩვენი უნივერსიტეტი გახლავთ აფხაზეთის უახლესი ისტორიის მემატიანე, რომელიც მრავალ თაობას გზას გაუხსნის განათლებისა და წიგნიერებისკენ, ამავე დროს, არასოდეს დაავიწყებს მათ იმ დრამატულ და ტრაგიკულ მოვლენებს, რომელმაც იძულებული გაგვხადა ცხოვრება თავიდან დაგვეწყო. მომავალმა თაობამ ძველი თაობის შეცდომები აღარ უნდა გაიმეოროს. არც აქ და არც აფხაზეთში. ამას ხშირად ვამბობ და არ დავიღლები ამის გამეორებით. ამიტომ ჩვენ ვალდებული ვართ მომავალ თაობას სიმართლე ვუთხრათ, თუ რა უძღოდა იმ ტრაგიკულ მოვლენებს, რომელმაც 300 000 ათასი ადამიანი დევნილად აქცია", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
ყოლბაია ასევე შეეხო აღნიშნული კონფერენციის მნიშვნელობას. მისი თქმით, სოხუმის უნივერსიტეტი, თავისი ტრადიციების გათვალისწინებით, ქართულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა.
„ამ მხრივ, ძალიან დიდია დღევანდელი კონფერენცის მნიშვნელობა. ჩვენი პროფესორ-მასწავლებლების შეუდრეკელმა ბუნებამ, გამოცდილებამ, ტრადიციებმა, ცოდნამ და კვალიფიკაციამ თავისი გაიტანა და დღეს ჩვენი უნივერსიტეტი, თამამად შემიძლია განვაცხადო, საუკეთესოთა შორის საუკეთესოა. მათ მიერ აღზრდილი ახალგაზრდობა სოხუმის უნივერსიტეტის საუკეთესო ტრადიციებს, ცოდნას და გამოცდილებას ახლა მომავალ თაობებს გადასცემენ. კურსდამთავრებულები მოღვაწეობენ საზღვარგარეთის სხვადასხვა სამეცნიერო თუ სასწავლო დაწესებულებებში მუშაობენ და საკუთარ ცოდნას იმდიდრებენ. სწორედ ეს არის ის ფუნდამენტი, ცოდნის, მეცნიერების, განათლების ის პოტენციალი, რომელმაც ზღვარი უნდა დაუდოს ქართულ-აფხაზურ გაუცხოებას, ჩვენი ისტორიული ურთიერთობების გადაგვარებას. თქვენ მიერ აღზრდილი ახალგაზრდობა შეიძლება იქცეს იმ ხიდის გაგრძელებად, რომელზეც აფხაზები და ქართველები ერთად გაივლიან. ივლიან განათლებისა და მეცნიერების გზაზე ერთიანი საქართველოს სიკეთისთვის. მისი საუკეთესო მომავლისთვის", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუს¬თა¬ველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მეცნიერები.
პლენარულ სხდომაზე წარმოდგენილი მოხსენებები მიეძღვნა ცნობილი აფხაზი მეცნიერის ხუხუტი ბღაჟბას სამეცნიერო მემკვიდრეობას, აფხაზეთიდან ცნობილ ქართულ ხელნაწერებსა და აფხაზურ ლიტერატურას, ასევე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ საერთაშორისო საგრანტო პროექტის ფარგლებში აფხაზეთის ისტორიის, კულტურისა და იდენტობის, განათლების, დემოგრაფიისა და ფოლკლორის კვლევას.
დღესვე, ვახტანგ ყოლბაიამ და გია გვაზავამ უნივერსიტეტის კორპუსებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერეს.