დღეს ეთნოგრაფიულ მუზეუმში ფესტივალმა „არტ-გენმა" აფხაზეთის დღეს უმასპინძლა. ღონისძიება აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.
ფესტივალს აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ბელა კოპალიანი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება ესწრებოდა.
ფესტივალზე, აფხაზეთის დღის ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ქორეოგრაფიულმა და ფოლკლორულმა ანსამბლებმა: აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლმა, და სახელოვნებო სკოლა „აფხაზეთი 2"-მა. ასევე მოეწყო სპორტული სანახაობები, გამოფენილი იყო აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა მხატვრების ნახატები, ქართული კალიგრაფიული ნიმუშები და აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეების ნამუშევრები.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას ფესტივალში და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეულ შემსრულებლებთან ერთად წარმოაჩენენ აფხაზეთის მდიდარ კულტურულ ტრადიციებს.