აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებემლა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, 2008 წლის აგვისტოში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
„საქართველოს 2008 წლის 8 აგვისტო საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე შავი ფურცელია. ტრაგიკული დღეა ყოველი ჩვენგანისათვის. დავკარგეთ ამდენი ვაჟკაცი, რომელმაც სიცოცხლე არ დაიშურა სამშობლოს დასაცავად. იმის ნაცვლად, რომ ეს ბიჭები ჩვენს გენოფონდს ამშვენებდნენ, ყველაზე ძვირფასი მიიტანეს სამსხვეპლოზე, საკუთარი სიცოცხლე. ბედუკუღმართობამ, აგვისტოს საზარელმა დღეებმა ამდენი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა, ტერიტორიები დაგვაკარგვინა. ამდენი უსახლკარო და დევნილი შეგვმატა. ვინ განსჯის ამ დღეებს, ასეთი აუნაზღაურებელი ადამიანური მსხვერპლის გამო. ალბათ ისტორია და ხალხი ყველაზე პირუთვნელ განაჩენს გამოიტანს. სახელმწიფო კი ვალდებულია დაიცვას საკუთარი მოქალაქეების და ჯარისკაცების უსაფრთხოება. ომი კი უკიდურესი საშუალებაა, რომელსაც როგორც აგვისტოს ომმა გვიჩვენა, დიდი უბედურება მოაქვს როგორც ქვეყნისთვის, ისე საკუთარი ხალხისთვის. დროა ჩვენს შეცდომებზე მაინც ვისწავლოთ და გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომ მსგავსი ტრაგედიები აღარ გამეორდეს", - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებემლა ვახტანგ ყოლბაიამ.