ფოთში 280 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადაეცა

დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ილია დარჩიაშვილმა, ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ და ფოთის არჩეულმა მერმა ირაკლი კაკულიამ ფოთში ახლადაშენებული შვიდი კორპუსი გახსნეს და 280 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს საცხოვრებელი სახლის გასაღები გადასცეს.

ბინების გადაცემის ცერემონიალს ასევე ესწრებოდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი სიმონე უოლკენი. 

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ევროკავშირის დაფინანსებით, ფოთის მუნიციპალიტეტში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის 7 ახალ საცხოვრებელ კორპუსი ააშენა. შვიდი ხუთსართულიანი კორპუსის მშენებლობისთვის თანხა ევროკავშირის მიერ იყო გამოყოფილი. 

ახალაშენებულ კორპუსებში შესახლებული 280 ოჯახი კომისიამ დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად შეარჩია. 

სამშენებლო სამუშაოები ყველა სტანდარტის დაცვით განხორციელდა. თითოეულ კორპუსში 40 ბინაა. შენობა და გარე ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ბინებში გაყვანილია გაზი, წყალი, ელექტროენერგია, გამართულია საკანალიზაციო სისტემა. დაგეგმილია და ყველა ოჯახში დამონტაჟდება: გამათბობელი სისტემა, ე.წ „ კარმა", გაზქურა და წყლის გამათბობელი ავზი.

პროექტით ასევე მოხდა საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. დამონტაჟდა გარე განათება, ბავშვებისთვის გაკეთდა 2 სკვერი. თითოეულ კორპუსს აქვს საკუთარი ავტოსადგომი, პანდუსები, გზებზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, კეთილმოეწყო ტროტუარები, გაიმართა სანიაღვრე სისტემები. შესაბამისად ახალი საცხოვრებელი კომპლექსი სრულად ითვალისწინებს და აკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნებს. სამშენებლო სამუშაოებს სამშენებლო კომპანია შპს „ზიმო" აწარმოებდა. დევნილებზე ზრუნვა და მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა სამთავრობო გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.