რუსთავში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

რუსთავში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებისთვის ფასო სამედიცინო - პროფილაქტიკური გამოკვევები ჩატარდა. იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო მედიკამენტები გადაეცათ და ჰუმანიტარული დახმარება დაურიგდათ. საქველმოქმედო აქცია აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა. დევნილთა სამედიცინო გამოკვლევების პროცესს ქ. რუსთავის მერი დავით ჯიქია და აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე ესწრებოდნენ.

სამედიცინო აქციაში მონაწილეობა მიიღეს სამედიცინო ცენტრ ,,ლანცეტის", "დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადების ცენტრის" წამყვანმა ექიმებმა: თერაპევტმა, პულმონოლოგმა, პედიატრმა, კარდიოლოგმა, ნევროლოგმა, გინეკოლოგმა, ქირურგმა, ოფთალმოლოგმა, ოტორინოლარინგოლოგმა, ენდოკრინოლოგმა, უროლოგმა, რევმატოლოგმა, აგრეთვე ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილმა სპეციალისტმა, ექიმ-ლაბორანტმა, დერმატოლომა და სტომატოლოგებმა.

,,ჩვენ დევნილთა სამედიცინო შემოწმების პროგრამას პერმანენტულად მთელი საქართველოს მასშტაბით ვახორციელებთ. დღეს, რუსთავში ჩასახლებულ დევნილებს სამედიცინო შემოწმება მრავალპროფილიანი კლინიკა ,,ლანცეტისა" და "დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადების ცენტრის" 20-მდე კვალიფიციურმა სპეციალისტმა ჩაუტარა. ღონისძიება მოიცავდა არა მარტო სამედიცინო შემოწმებას, არამედ მედიკამენტებითა და ჰუმანიტარული ტვირთით დახმარებასაც", - აღნიშნა აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ.

როგორც რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ განაცხადა, აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას სამედიცინო გამოკვლევები სისტემატურად უტარდება, ძალზედ მნიშვნელოვანია, ის ფაქტი, რომ რუსთავში მცხოვრები დევნილები სამედიცინო შემოწმებასთან ერთად საჭირო მედიკამენტებსაც უფასოდ ღებულობენ.