აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მრავალშვილიან ოჯახებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

დედის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აკადემიკოს ვაჟა ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია დიეტოლოგიის კლინიკას „ენმედიცი" შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სამედიცინო აქცია გაიმართა. გამოკვლევები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ჩატარდა.

პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და სამედიცინო ცენტრ „ენმედიცის" გენერალური დირექტორი კობა ბურნაძე ესწრებოდნენ.

სამედიცინო გამოკვლევების ფარგლებში მრავალშვილიანმა დედებმა ოჯახის ექიმისა და ენდოკრინოლოგის კონსულტაცია მიიღეს. ასევე, ფარისებური ჯირკვლის ექოსკოპია, თირეოტროპული ჰორმონის კვლევა და სისხლის საერთო ანალიზი ჩაუტარდათ.

გამოკვლევები აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს ორგანიზებით გაიმართა.