აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია სამების საკათედრო ტაძარში ბაბუშერის სამარხიდან გადმოსვენებული 10 მებრძოლის ნეშტის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.
„მადლობას ვწირავთ ყველას, ვინც დღევანდელი გადმოსვენების საკითხში მონაწილეობა მიიღო. მნიშნელოვანია, რომ დედების ერთ ნაწილს საკუთარი შვილის ამოცნობის საშუალება მიეცა. მინდა კიდევ ერთხელ ვანუგეშო ჩვენი დედები და მადლობა გადავუხადო ჩვენს დიდებულ ქალბატონებს, მათ მეუღლეებს იმისათვის, რომ მათ ბრწყინვალე ჭაბუკები აღზარდეს. ამ ბიჭებმა ხომ საკუთარი სიცოცხლე უშურველად გაიღეს სამშობლოსთვის, თავისუფლებისთვის, ხვალინდელი დღისთვის. კიდევ ერთხელ მუხლს ვიყრით ამ ბიჭების სულების წინაშე. მადლობა მათ დედებს, რომლებიც დღესაც იბრძვიან სიცოცხლისათვის თავისი შვილებისა და შვილიშვილების საკეთილდღეოდ. ღმერთი იყოს მათი შემწე და მფარველი. არ შემიძლია არ აღვნიშნო ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს უდიდესი წვლილი მეომრების გადმოსვენების საკითხში. მადლობა მათ ამისთვის", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
სამოქალაქო პანაშვიდს აგრეთვე ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.
აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერის აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული 10 მებრძოლის ნეშტი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.