აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ თბილისში მცხოვრებ აფხაზ ქალთა ჯგუფთან ქალთა დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა გამართა. მილოცვებისა და საზეიმო ნაწილის შემდეგ გაიმართა საუბარი ქართულ-აფხაზურ კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე, მისი მოგვარების ეფექტიანი გზების ძიებაზე. შეხვედრისას აფხაზი ქალების მხრიდან საკითხი შეეხო ჟენევის მოლაპარაკებების პროცესსაც, თემებს, რომლის გადაწყვეტაც, მათი აზრით აუცილებელია.
განსაკუთრებით აღინიშნა კულტურული მემკვიდრეობის კუთხით მისაღებ გადაწყვეტილებებზე. ვახტანგ ყოლბაიამ განაცხადა, რომ მომავალ შეხვედრებზე ეს საკითხები კვლავ გააქტიურდება და იმედია, ორივე მხარისთვის მისაღებ ვარიანტზე შეჯერდებიან. მოწვეულმა სტუმრებმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს სოფელ რუხში გახსნილ სავაჭრო ობიექტებს და იქ მშენებარე ჯანდაცვის ცენტრს.
ვახტანგ ყოლბაიმა აღნიშნა, რომ სამუშაო ადგილები დევნილი მოსახლეობისათვის დღეს ყველაზე მეტად ჭირს. ამიტომ ყოველი ობიექტი, რომელიც ამ საკითხს ოდნავ მაინც წაადგება, ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომაც დგილობრივი მოსახლეობა და აფხაზეთის მთავრობა დიდ იმედებს ამყარებენ რუხის მშენებლობაზე და იქ გახსნილ სავაჭრო ობიექტებზე. აფხაზმა ქალებმა აღნიშნეს ისიც, რომ სამშვიდობო რიტორიკა აფხაზეთის საკითხის მიმართ, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ყველა გამოსვლაში გამოსჭვივის, ურთიერთობის და ნდობის აღდგენის პროცესს აძლიერებს.
„შეცდომების დაშვების უფლება ამ მეტად გაწელილ და რთულ სიტუაციაში არავის აქვს. არც ქართველებს და არც აფხაზებს. დადგება დრო, როცა სკეპტიკოსებს და პოლიტიკურად ხელმოცარულ ადამიანებს ყავლი გაუვათ და შერიგების პროცესს ვეღარაფერი შეაკავებს",-განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.