ზესტაფონში ეროვნული გამოცდების მოსამზადებელი ცენტრი გაიხსნა

12 მარტს ქ. ზესტაფონში, საერთაშორისო ფონდ ,,თანადგომა XXI საუკუნე"-ს ინიციატივით, განათლების სამინისტრსოს, აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით და „ჯორჯიან მანგანეზი"-ს ფინანსური მხარდაჭერით, ეროვნული გამოცდების მოსამზადებელი ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა.

აღნიშნულ ცენტრში იძულებით გადაადგილებული და სოციალურად დაუცველი პირები უფასოდ სწავლას შეძლებენ.

ფონდის მიზანია სოციალურ-ფსიქოლოგიური და საგანმანათლებლო სამსახურის გაწევა სოციალურად დაუცველი პირებისათვის, სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა დევნილი პედაგოგებისა და მოსწავლეებისათვის.

აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ ეროვნული გამოცდებისთვის მოემზადონ და ჯგუფური მეცადინეობის მეთოდით შეისწავლონ შემდეგი საგნები: ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, უნარები და ინგლისური. თითოეულ საგანს კვირის მანძილზე დაეთმობა ორი დღე და 90 წუთი.

ღონისძებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი, განათლების სამინისტროსა და „ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლები.