აფხაზეთის ხუროთმოძღვრული რუკის დაზუსტების მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთისა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამაა „აფხაზეთის კულტურულ ფასეულობათა დაცვა და პოპულარიზაცია", რომლის ქვეპროგრამაცაა „აფხაზეთის ტაძრების დეტალური რუკის"შედგენა. სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურმა ამ რუკაზე ანუ აფხაზეთის ხუროთმოძღვრული რუკის ელექტრონულ ვერსიაზე მუშაობა უკვე დაასრულა. რუკაზე დატანილ იქნა 150 არქიტექტურული ნაგებობის კოორდინატი, არსებული მდგომარეობის მითითებით.

„აფხაზეთის ტაძრების დეტალური რუკის" კიდევ უფროდაზუსტების მიზნით აფხაზეთისა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს არტ გალერეაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა იმ ადამიანებთან, რომელთაც აფხაზეთის კულტურულ მემკვიდრეობაზე უმუშავიათ ან ფლობენ ინფორმაციას აფხაზეთში არქიტექტურული ნაგებობების მდებარეობის შესახებ. შეხვედრას ესწრებოდა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის უფროსმა ირაკლი გელენავამ დამსწრეთ წარუდგინა აფხაზეთის ხუროთმოძღვრული რუკის ელექტრონული ვერსია და სთხოვა, რუკის სრულყოფის მიზნით გამოეთქვათ თავიანთი  შენიშვნები და წინადადებები.რუკის წარმოდგენილ ვარიანტთან დაკავშირებით მოსაზრებები და შენიშვნები გამოთქვეს: აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა - ჯემალ გამახარიამ, ნუგზარ მგალობლიშვილმა და აკაკი გასვიანმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა რეზო ხვისტანმა, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენელმა შერმადინ შარიამ და სხვ.

ერთხმად ითქვა, რომ აფხაზეთის ხუროთმოძღვრული რუკის შესადგენად ძალიან შრომატევადი სამუშაოა გაწეული; და რომ თანამშრომლობის შემდეგ მასში შეტანილი ცვლილებები ხელს შეუწყობს აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ზუსტი რიცხოვნობის წარმოჩენას და სამომავლოდ  აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოძიებას გაამარტივებს.