ზუგდიდის დევნილთა ახალ დასახლებაში სასმელი წყლის დაბინძურების ფაქტი დაფიქსირდა

ზუგდიდის დევნილთა ახალ დასახლებაში რამდენიმე დღის წინ სასმელი წყლის დაბინძურების ფაქტი დაფიქსირდა, რამაც  110 ადამიანის მოწამლვა გამოიწვია. წყლის დაბინძურება სურსათის უვნებლობის სამსახურმა დაადასტურა.

აღნიშნული ფაქტის აღმოსაფხვრელად ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახურის, აფხაზეთის დევნილთა პოლიკლინიკისა და ინფექციური საავადმყოფოს ერთობლივი მოქმედებით პრევენციული ღონისძიებები გატარდა.

დევნილთა დასახლებაში სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველდღიურ მონიტორინგს ახორციელებენ.

ადგილზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ნუკრი ესართია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ოდიშარია და სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე იმყოფებოდნენ, პრობლემებს გაეცნნენ და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.