ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის ღონისძიებები ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის ორგანიზებით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისათვის სხვადასხვა გასართობი ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიებები რამდენიმე ადგილას გაიმართა. აფხაზეთიდან დევნილმა ბავშვებმა დეკორატიული მცენარეების სანერგე „გარდენია" დაათვალიერეს, სადაც მწვანე გაკვეთილი - ყვავილების მოვლის მასტერკლასი ჩაუტარეს. ასევე, ბავშვებს კინოთეატრმა „რუსთაველმა" უმასპინძლა.

აფხაზეთის მე-2 და მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის კლინიკის პროფესორები და მაგისტრატურის სტუდენტები შეხვდნენ და საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს.

დღის ბოლოს, ბავშვთა ნახატების გამოფენა მოეწყო და  ჩატარდა აქცია - „ფრანს გეზი აქვს აფხაზეთისკენ - „გზავნილი ენგურს გაღმა, ჩვენს თანატოლებს".

ღონისძიებებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ქვაჩახია ესწრებოდა.