აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებითა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილის" მხარდაჭერით „გურჯაანის ნაყინ"-მა აფხაზეთის №3 საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის ტრადიციული აქცია „ყვავილების თაიგული ბავშვებს" გამართა და 200-მდე ბავშვს  გურჯაანის ნაყინით გაუმასპინძლდა.

ასევე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილის" მხარდაჭერით 20-მდე მოსწავლეს სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახიდებიდან გასართობი პროგრამითა და საჩუქრებით დახვდნენ ჯანმრთელობის სახლში, სადაც ბავშვებს დღესასწაული კლინიკის დირექტორმა ამირან ქორიძემ მიულოცა.

კვირეულის ფარგლებში ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ანსამბლ „გვირილას" კონცერტი გაიმართა და აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი ბავშვები და ქველმოქმედთა სახლ „მომავლის გზის" აღსაზრდელები მიიწვიეს.

კონცერტში ანსამბლი „გვირილა" და ქართული ესტრადის ვარსკვლავები  ნუგზარ კვაშალი, სოფო ბედია, ზურაბ კობეშავიძე, ზურაბ დოიჯაშვილი და ზურა მანაგაძე მონაწილეობდნენ.

კონცერტის დასასრულს მოწვეულ ბავშვებს საჩუქრები გადაეცათ.