აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს.

აფხაზეთის ომის დროს, დაბა ტამიშთან მოწინააღმდეგის მხრიდან საზღვაო დესანტის გადმოსხმის შედეგად გამართული ბრძოლის დაწყებიდან 23 წელი გავიდა.

გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ნაწილებმა მიიღეს. დესანტთან ერთად, გააქტიურდა აფხაზური ფორმირება. მოწინააღმდეგემ ქართული შენაერთების ნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. პირველი დარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო, რის შედეგადაც 52 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება შეძლეს, პოზიციები შეინარჩუნეს და საზღვაო დესანტი მთლიანად გაანადგურეს.