აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები ესპანეთიდან დაბრუნდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ინტეგრაციისა და სოლიდარობის საერთაშორისო ფონდ ,,ფინსოლს'' შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა დეპარტამენტის ორგანიზებითა და გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელშეწყობით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები 20 მოზარდი, მათ შორის გალის ოკუპირებული ტერიტორიიდან, 2 თვის განმავლობაში მოხალისე ოჯახების მიწვევით ესპანეთის სამეფოში დასასვენებლად იმყოფებოდა.

მოზარდებს შესაძლებლობა ჰქონდათ ესპანელი ხალხის კულტურას გაცნობოდნენ, დაეთვალიერებინათ ღირსშესანიშნავი ადგილები და შეესწავლათ ესპანური ენა. დღეს, სამშობლოში დაბრუნებულ ბავშვებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ბულისკერია, გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია და მშობლები დახვდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ფონდი ,,FINSOL" 2008 წლიდან თანამშრომლობენ. ფონდის ორგანიზებითა და დაფინანსებით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოზარდები ესპანეთში საზაფხულო არდადაგებს ყოველწლიურად ატარებენ.