აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას საახალწლო მილოცვა

რამდენიმე საათში დადგება ახალი, 2018 წელი, რომელიც ყოველ ჩვენგანზე მაგიურად მოქმედებს. ეს ფერადი დღეებია, რომელიც  დიდს და პატარას ცხოვრებას გვიხალისებს, მომავლის იმედს გვაძლევს, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან გამოძევებულ მოსახლეობას განვლილ საშინელებას გვავიწყებს.  ავადმოსაგონარი დღეები წარსულის კუთვნილებაა, მაგრამ, ამავე დროს, ისტორიის გაკვეთილებია, რომელმაც ბევრი რამ გვასწავლა. დღეს  აღარ ვდაობთ იმაზე, რომ ქართველებმა და აფხაზებმა საბედისწერო შეცდომა დავუშვით, როცა მოყვარე მტრად მივიჩნიეთ და ერთმანეთზე იარაღით გავიწიეთ, საკუთარ ძმებს გავეყარეთ, ერთმანეთი მივატოვეთ. მშვიდობის დამყარება მტანჯველმა სიჩუმემ და უბრად ყოფნამ ჩაანაცვლა. ამდენმა წელმა განვლო და ერთმანეთი ვერ გამოვიწვიეთ ჩვეულებრივი, ადამიანური ურთიერთობის განსაახლებლად. ენგურის ხიდი, რომელიც  24 წლის წინ ყველას გვაერთიანებდა, დღეს ჩვენი განხეთქილების სიმბოლოდ აქციეს ოკუპანტებმა. მაგრამ იმედი იმისა, რომ ფუძე-აყრილი ხალხი საკუთარ მიწაზე დავბრუნდებით, ჩვენში არასოდეს ჩაქრება. ყველამ გამოვცადეთ დევნილობაში ცხოვრება, საკუთარ სამშობლოშიც კი დევნილის ტვირთის ტარება მძიმე ხვედრია. ცარიელ ადგილზე ცხოვრების თავიდან დაწყება ნებისმიერი ადამიანითვის უმძიმესი გამოცდაა. კარგად გვესმის იმ ახალგაზრდის, რომელსაც არ სურს იმის თქმა, რომ დევნილის ოჯახიდანაა. მისთვის ეს დამამცირებელია, მას არ უნდა დევნილის სტატუსით  ცხოვრება და  ეს გასაგებია ჩვენთვისაც და  საზოგადოების დანარჩენი წევრებისთვისაც. მაგრამ მარადიული ამქვეყნად არაფერია და არც დევნილობაში ცხოვრებაა სამარადჟამო. ამქვეყნად ყველაფერი სრულდება და ამ მტანჯველ მდგომარეობასაც ერთ დღეს ბოლო ეღება. ხელოვნურად აღმართული  პოლიტიკური კედლები, რომელიც  ადამიანთა ურთიერთობას ზღუდავს  და მათ მომავალს ბარიერებს უწესებს, ადრე თუ გვიან ინგრევა.  ბერლინის  კედლის დანგრევას თითქმის 30 წელი დასჭირდა, ამ მიზნისკენ კი გერმანელი ერი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა. ჩვენ კარგად შევიმეცნეთ, რომ ბრძენი სხვის შეცდომებზე, სწავლობს, ჭკვიანი საკუთარზე- სულელი კი საერთოდ ვერ სწავლობს ჭკუას. ისიც კარგად უთქვამთ,  წვეთი  ქვას  ხვრეტს არა ძალით, არამედ ხშირი დაცემითო. ეს გამონათქვამები კაცობრიობის გამოცდილებაა, რომელსაც ჩვენც უნდა ვეზიაროთ. სწორედ ასეთი უშრეტი მოთმინებით არის აღჭურვილი ჩვენი დევნილი საზოგადოებაც, რომელიც ძალიან გვეამაყება. ყველა დამეთანხმება, რომ უფრო გამრჯე, მომთმენი და შრომისმოყვარე ხალხი იშვიათიად მოინახება. შეუდრეკელი, უშიშარი, ოჯახზე გადაგებული, სტუმართმოყვარე, გაჭირვებას თავს რომ არ დაუდებს ისეთი. განვლილმა წლებმა დაგვანახა, რომ ჩვენი მომავალი ჩვენვე უნდა გამოვძერწოთ, რადაც უნდა დაგვიჯდეს.  ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა მშვიდობიანი ურთიერთობის დამყარების, ნდობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენის საქმეში. ჩვენ ყველანი ერთნი და ერთიანნი ვართ. ჩვენვე უნდა დავძრათ ყინული, რომელსაც ერთმანეთთან მისასვლელი გზები ჩახერგილი აქვს. ახალი, 2018 წელი უნდა იქცეს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ახალი ეტაპის დასაწყისად, ახალი იდეების, ახალი მიდგომების დამკვიდრების გზაზე.

ვულოცავ ახალი, 2018 წლის დადგომას და შობა-ახალი  წლის განუმეორებელ დღეებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, თბილისში და საქართველოს ყველა რეგიონში, სამაჩაბლოში, სოხუმში და სოხუმის რაიონში, გაგრაში, გუდაუთაში, გულრიფშში, ოჩამჩირეში, ტყვარჩელსა  და გალში.

განსაკუთრებული იყოს ეს წელი ჩვენი პატარებისთვის, ჩვენი საამაყო ახალგაზრდობისთვის, ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, სქესის, რელიგიური მრწამსის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების მიუხედავად.

მრავალ ახალ წელს დაესწარით მეგობრებო!

ღმერთი ფარავდეს  ერთიან  საქართველოს!