აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო

14 სექტემბერს აფხაზეთის ომის დრო დაღუპული 17 იდენტიფიცირებული მებრძოლის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დაესწრო.

დღეს, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა.

დაღუპული მებრძოლებიდან 12-ს დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ, ხოლო 5 მათგანს ოჯახები საკუთარ რაიონებში გადაასვენებენ.

2010 წელს წითელი ჯვრის ეგიდით შეიქმნა ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც 1992-1993 წლებში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებს შეისწავლის. მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა სამარხების გახსნა როგორც ოკუპირებული აფხაზეთის, ისე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე.