აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სოხუმის დაცემის დღე დასავლეთ საქართველოს ქალაქებში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემოს სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ორგანიზებით დასავლეთ საქართველოს ქალაქებში სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდა. ფოთში, სენაკში, ხობში, აბაშაში, მარტვილში, წალენჯიხასა და ზუგდიდში საქართველოს მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს და გმირთა მემორიალები გვირგვინით შეამკეს.

სენაკში ჟიული შარტავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ომის ამსახველი ფოტომასალის გამოფენა და ვიდეომასალის ჩვენება, საჯარო ბიბლიოთეკაში კი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის თემისადმი მიძღვნილი ლიტერატურისა და პერიოდული პრესის გამოფენა მოეწყო, ხოლო მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში თეატრ „ფიროსმანის“ სპექტაკლი „ჯვარცმული ბედნიერება“ დაიდგა.

აბაშაში #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის დოკუმენტური ფილმის ჩვენება „ქართულ-აფხაზური კონფლიქტი“ გაიმართა, სადაც ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ განეხილათ ფილმი და შთაბეჭდილებები გაეზიარებინათ.

მარტვილში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოზარდ-მაყურებელთა თეატრის სპექტაკლი გაიმართა.

ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ომში დაღუპულთა ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გადასცა.

ჯვარის კლუბის შენობაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

ზუგდიდში მერიის ინიციატივით მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით სპექტაკლი დაიდგა.

დღეს სოხუმის დაცემიდან 23 წელი გავიდა.