აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკაში დღის სტაციონარი გაიხსნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულმა ზუგდიდის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულთა პოლიკლინიკამ, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ენგურს გაღმა მაცხოვრებლებს, მორიგი სერვისი შესთავაზა დღის სტაციონარის სახით.

დღის სტაციონარი პოლიკლინიკაში ახლახან გაიხსნა და ის აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიური აპარატურით, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გადასცა. აპარატურის ნაწილი უკვე დამონტაჟებულია, მეორე ნაწილი კი შემდეგ კვირას დამონტაჟდება.

ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკაში მსგავსი სერვისის დანერგვა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დევნილ პაციენტთა მომსახურების ხარისხს. მისივე თქმით იგივე იგეგმება აფხაზეთის სხვა პოლიკლინიკებშიც.

„ჩვენი დევნილებისთვის  მათ ჯანმრთელობასთან   დაკავშირებული ნებისმიერი მოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია.  ვფიქრობ, დღის სტაციონარი ერთ-ერთი იმათგანია, რაც მნიშვნელოვნად წაადგებათ ჩვენს დევნილებს. არის პაციენტთა კატეგორია, რომლებსაც სტაციონალური მკურნალობა  ესაჭიროებათ. ახალმა  სამედიცინო აპარატურამ მოგვცა იმის საშუალება, რომ ჩავატაროთ  სამედიცინო მანიპულაციები, რომელებსაც ადგილზე რამდენიმედღიანი წოლითი რეჟიმი ესაჭიროება.  პაციენტს შესაძლებლობა ეძლევა დღისით მოვიდეს, დაწვეს, მიიღოს შესაბამისი მომსახურება და საღამოს შინ დაბრუნდეს. ეს კი ენგურს გაღმიდან გადმოსული მოსახლეობისათვის, ვგულისხმობ გალს, ოჩამჩირეს და ა. შ.  ფასდაუდებელი სამსახურია.

კმაყოფილი ვარ დღევანდელი ღონისძიებით. მადლობას ვუხდი პოლიკლინიკის ხელმძღვანელ თამაზ ჯანაშიას გაწეული შრომისთვის. თავდაუზოგავი მუშაობისთვის მას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სიგელი გადავეცით. ყველას ვულოცავ დღის სტაციონარის პოლიკლინიკის ბაზაზე დანერგვას. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემაში შემოვიდა ახალი მომსახურება, რაც იმის საწინდარია, რომ მსგავსი მომსახურება  სხვა პოლიკლინიკებშიც დავნერგოთ“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.