ვახტანგ ყოლბაიამ კალოუბნის ქუჩაზე, აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებაში მყოფი აფხაზეთიდან გადმოსული პაციენტები ინახულა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავამ და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ქეთევან ბაკარაძემ კალაუბნის ქ. #16-ში აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სამედიცინო დაწესებულების სარეაბილიტაციო ცენტრში პაციენტები ინახულეს. ამჟამად იქ ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული ოთხი პაციენტი მკურნალობს, ერთ-ერთ მათგანს, ეთნიკურად აფხაზ მამაკაცს რამდენიმე დღეში ოპერაცია გაუკეთდება.

ოთხი სხვადასხვა კომპონენტისგან შემდგარ მიზნობრივ სარეაბილიტაციო პროგრამას აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს.

ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, აღნიშნული პროგრამით აფხაზეთიდან გადმოსული ძალიან ბევრი პაციენტი სარგებლობს, რაც უმნიშვნელოვანესია ქართულ-აფხაზური ურთიერთობებისათვის.

„დღეს მოვინახულეთ აფხაზეთიდან ჩამოსული პაციენტები; ერთი მათგანი ეთნიკურად აფხაზია, ოთხი კი ქართველი. აფხაზეთიდან ჩამოსულ მცირეწლოვან ბავშვებს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვთ, რაც ინტენსიურ მკურნალობას საჭიროებს. აფხაზეთიდან თბილისში სამკურნალოდ ჩამოსულ მამაკაცს რამდენიმე დღეში უკეთდება ოპერაცია, მის ძმას კი ორი დღით ადრე თავის არეში სერიოზული ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციამ კარგად ჩაიარა და პაციენტი უკვე გაემგზავრა სოხუმში. მახარებს იმის აღნიშვნა, რომ აქ ყველა პირობაა შექმნილი პაციენტებისთვის, რომ მათ ნორმალურ გარემოში შეძლონ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. მახარებს ისიც, რომ ცენტრის სერვისი საუკეთესო სტანდარტით გამოირჩევა, რაც  სარეაბილიტაციო ცენტრის მუშაობას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თურქეთის საელჩოსა და თურქეთის მთავრობის სტრუქტურა „ტიკას". დღეს ამ ცენტრს ჩვენი ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროები უწევენ მეთვალყურეობას. რა თქმა უნდა, ამაზე ვერ შევჩერდებით, საჭირო გახდება უფრო მეტი თანხების მობილიზაცია, რომ ყველა ბენეფიციარი დავაკმაყოფილოთ. აქედანვე ვხედავთ, რომ  ძალიან ბევრი მსურველი გვეყოლება, უკვე ძალიან ბევრი განაცხადი გვაქვს. მინდა ჩვენს ბენეფიციარებს ვუსურვო სიკეთე და ჯანმრთელობა. ჩვენ გახსნილი ვართ ყველასთვის. ჩვენ ძმებ აფხაზებს მუდამ შეუძლიათ იმედი იქონიონ, რომ  მათი ჯანმრთელობის პრობლემებზე ზრუნვას ცდას არ დავაკლებთ თბილისში და საქართველოს ნებისმიერ კუთხეში", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

აფხაზეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ქეთევან ბაკარაძის თქმით, პროგრამა მომავალი წლისთვის კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან მასში ჩართვა ოკუპირებლ აფხაზეთში მცხოვრებ ძალიან ბევრ პაციენტს სურს.

„ეს გახლავთ აფხაზეთის სამინისტროს მიზნობრივი სარეაბილიტაციო პროგრამა, რომელიც ოთხი სხვადასხვა კომპონენტით არის წარმოდგენილი. ჩვენ ვემსახურებით კონკრეტულ სეგმენტს, წინასწარ მოკვლეული პრობლემატიკის საფუძველზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოკუპირებული გალის რაიონში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც მაქსიმალურად შეზღუდული აქვთ ასეთი ტიპის სერვისის მიღება. პროგრამა აუცილებლად გაგრძელდება, კიდევ უფრო გაფართოვდება. ვთანამშრომლობთ გალის რაიონში არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრთან, რომელიც ინფორმაციას გვაწვდის მსგავსი ტიპის პაციენტებზე, რომლებზე ზრუნვაც ჩვენ სამინისტროს დაეკისრება. ვფიქრობ, ამ პროგრამაში უნდა მოვახდინოთ კიდევ უფრო მეტი ფინანსური რესურსის მობილიზაცია, რომ მომავალ წელს უფრო მეტ ბენეფიციარს მივცეთ მკურნალობის საშუალება. ამჯერად პროგრამა  მიმდინარეობს ტატიშვილის სპორტულ-გამაჯანსაღებელ სარეაბილიტაციო ცენტრში, რომელიც რეგიონში უპრეცედენტოდ შეგვიძლია მივიჩნიოთ. დღის განმავლობაში, ამ ცენტრში, 20-მდე ბენეფიციარი ღებულობს მომსახურებას", - განაცხადა აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ.